ნინო კინწურაშვილი 23 წლის ქართველი მხატვარია.  21-23 მაისს, გალერეა “კონტეინერში” მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელზეც ექვსი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენის კონცეფცია იყო თევზაობა.

nino1  nino2

“თევზაობისას ბადეს ისვრი წყალში და თევზს ელოდები. ცოტა ხნის შემდეგ გრძნობ, რომ ბადეში რაღაც მძიმე აიხლართა. ამოქაჩე! თევზის მაგივრად სხვა საგანი მოჰყვება.აკვირდები საგანს, ცუდი არ არის, „წავა რა“. კარგი ამბავი: სახლში ხელცარიელი არ მოგიწევს დაბრუნება.
ცუდი ამბავი: დღეს თევზი ვერ დაიჭირე.თევზაობისას, ალბათობა არსებობს იმისა,რომ თევზის მაგივრად სხვადასხვა საგნებს  დაიჭერ. ზოგიერთი მათგანი გამოსადეგარი და შესაძლოა ძვირფასიც კი აღმოჩნდეს, ზოგიც პირიქით გამოუსადეგარი და სულელური. მიუხედავად იმისა, რომ წინა ცდაზე ოქროთი სავსე სკივრი ამოიღე, ბადის შემდეგ ჩაგდებაზე კვლავ იმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში თევზი ამოყვება, რადგანაც შენ  აქ ამისთვის ხარ მოსული. სწორედ ამ დროს, მოლოდინის მომენტი იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო. დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე, რაღაც აკვიატებულივით მქონდა. ზოგმა ჩათვალა, რომ ეს ცხოვრებას გამოხატავრდა ალეგორიულად; ზოგმა ჩათვალა, რომ ხელოვნება არის ბადე  და ასე შემდეგ… თუმცა, მე ასე არ მიგულისხმია. მოლოდინი და ის, თუ როგორ იცვლება ადამიანი ამ დროს – ეს იყო ძირითადი ამბავი. ამის კარგი მაგალითია თევზაობა.”

 

როგორც თვითონ ნინო ამბობს, მისი ხატვის ნიჭი ბავშვობაში მამამისმა აღმიოაჩინა, რომელიც თვითონ არის მხატვარი. 7 წლის ხატვაზე შეიყვანეს და აქედან მოყოლებული, მისი ცხოვრება ამ სფეროს დაუკავშირდა. უჭირს იმის თქმა, თუ რა სტილში ხატავს. როგორც ამბობს, ნახატი შინაგანი ემოციის ტილოზე გადმოტანაა.

” ძალიან ქაოსური ვარ შინაგანად. ხატვის დროს რა ემოციაც გადაწონის, იქით მიმყავს ნამუშევარი. ყველაფერს ძირითადად ჩემი ცხობვრებიდან ვხატავ, მაგალითად, რაიმე ადგილი ან ადამიანი თუ დამამახსოვრდება, ტილოზე გადამაქვს. ალბათ, მნახველს უფრო გაუმარტივდება რომელიმე სტილს მიმაკუთვნოს. იმის გადაჭრით თქმაც კი მიჭირს, რომელი მხატვარები ან რა მიმდინარეობა მომწონს. პერიოდულად, ჩემი ინტერესები და გემოვნება რადიკალურად იცვლება ხოლმე. თუმცა, რა გარდატეხაც არ უნდა მოხდეს, ჩემს საყვარელ მხატვრად ყოველთვის დარჩება ბოტიჩელი. ყველაზე ესთეტიური მხატვარია. გარდა ამისა, ძალიან მომწონს ექსპრესიონიზმი, გამოვყოფდი ფრანცის ბეკონს და სუტინს.”

 

ნინო ბევრს მოგზაურობს. ძალიან უყვარს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა, სხვადასხვა ახალი ადგილის მონახულება. როგორც თვითონ ამბობს, ეს ძალიან ეხმარება ხატვისას.

ნებისმიერი ხელოვანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შემოქმედების საზოგადოებისათვის გაცნობა. ნინოს შემთხვევაშიც ასე იყო. როგორც თვითონ ამბობს, მისთვის, როგორც ხელოვანისათვის, ეს ერთგვარი დებიუტია.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა. ეს არის სტიმული, რომ უფრო აქტიურად  გავაგრძელო მუშაობა.  მიხარია, რომ ხალხი ასე დაინტერესდა და კარგად მიიღო ის, რასაც მე ვქმნი. ბევრი ისეთი ადამიანისგან მივიღე დადებითი შეფასება, რომლის შემოქმედებასაც ძალიან ვაფასებ. გამოფენისათვის მზადებისას საკმაოდ ვნერვიულობდი – მინდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო და ამაში ძალიან დამეხმარნენ ჩემი მეგობრები.” 

 

ამჟამად ნინო გეგმავს შემოდგომაზე ახალი, რიგით მეორე პერსონალური გამოფენა მოაწყოს. გარდა ამისა, აპირებს, სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს.

” ახლა ჩემს პორტფოლიოზე ვმუშაობ. ვაპირებ, სწავლა საზღვარგარეთ, რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში გავაგრძელო. გარდა ამისა, მინდა რაც შეიძლება მეტი მედიუმი შევისწავლო და ამაზე ვიმუშაო – მაგალითად, დაინტერესებული ვარ სკულპტურით.”

როგორც თვითონ ამბობს, მისთვის, როგორც ხელოვანისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანია მხატვრობით გადმოსცეს რეალური ემოცია, შინაგანი განცდა.

” ჩემი აზრით, კარგი მხატვარი ხარ მაშინ, როცა შეგიძლია ყოველგვარ საზოგადოებრივ აზრს და კომერციულ მოთხოვნებს აუარო გვერდი და  შექმნა ის, რაც ბუნებრივად მოდის შენგან. ამ შემთხვევაში, შემოქმედება არის  ინდივიდუალური, ბუნებრივი და ბევრად საინტერესო.”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply