ძველი ნივეთები, ან ნაგებობები ხშირად გამხდარა  ისეთი ადამიანების შთაგონების საგანი და გამოსაყენებელი მასალა, რომლებიც ჩარჩოების გარეშე აზროვნებენ და ადვილად ახერხებენ  ყველა დეტალს, ყველა ელემენტს – ახალ დანიშნულება მიანიჭონ. 

არქიტექტორი რიკარდო ბოფილი  (Ricardo Bofill) სწორედ  ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარი რეზიდენცია ძველი ცემენტის ქარხნისგან შექმნა. არის საგნები, რომლებიც ასაკთან ერთად განსახვავებულ ეშხს იძენენ და კიდევ უფრო საინტერესო  ხდებიან. ასეთი გამოდგა ეს მიტოვებული ქარხანაც, რომელიც 1973 წელს აღმოაჩინა რიკარდომ. რესტავრაციაში სირთულეს ბევრი ფაქტორი განაპირობებდა: ქარხნის სპეციფიკა, 30 საწარმოო ორმო, უშველებელი სამანქანო ოთახი და მიწისქვეშა დარბაზები.

არსებული გარემოს გასაუმჯობესებლად რიკარდომ სივრცის სტრუქტურის დარღვევა დაიწყო, რომლითაც მან ერთიანი ფორმატი შეუქმნა შენობას. გარემოს გასაუმჯოესებლად კი ყველა შესაძლო ადგილას სხვადასხვა მცენარეების დარგვა დაიწყო. მის მიერ შექმნილი ლანდშაფტის არქიტექტურა ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომლის დროსაც მან ზეთისხილის, ევკალიპტებისა და პალმების დარგვით აბსოლუტურად განსხვავებული სახე მისცა ნაგებობას. რეკონსტრუქცია ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გარემოს შეუპოვრობა და სირთულე დამატებითი ცდუნების საშუალება გახდა არქიტექტორისათვის. ბოფილმა ძირითადი სტურქტურა უცვლელი დატოვა, შენობის არსებული მკაცრი ელფერი კი ხელოვნების ნიმუშის უკეთ წარმოსაჩენად ეფექტურად გამოიყენა. რეკონსტრუქციის პროცესში გამოიკვეთა შენობის სურეალისტური ელფერი, რომელსაც ერთგვარი კათედრალისა და ძველებური სასახლის მსგავსი ფორმის ფანჯრები და ქონგურები გააჩნდა. სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურული ნიმუშების მაგალითების ეფექტურად გამოყენებით ნაგებობა აბსოლუტურად გამორჩეულ რეზიდენციად იქცა, რომელსაც ძველი სტილის სასახლეების მსგავსად გარს ულამაზესი ბაღი არტყია.

დღესდღეობით არქიტექტორი ამ რეზიდენციაში ცხოვრობს, რადგან ეს მისი შთაგონებისა და პროდუქტული მუშაობისათვის ერთადერთი შესაფერისი ადგილია. მისი თქმით არქიტექტორის პროფესია გულისხმობს გარემოს, სივრცისა და ადამიანის ხელით შექმნილის აღქმასა და გააზრებას , რაც საშუალებას მოგვცემს ის ცვლილებები შევიგრძნოთ, რასაც ისინი საჭიროებენ. რიკარდო თვლის, რომ ეს ელემენტები აუცილებელი თვისებებია არქიტექტორისათვის, რათა მისი ნამუშევრები ისტორიისათვის მნიშვნელოვანი გახდეს.

 

წყარო:

https://spfaust.wordpress.com/2012/01/11/re-architecture-cement-factory-transformed-into-contemporary-medieval-castle/

 

 

Leave a Reply