აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ადრეული ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – არსებული მონაცემებით საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. გთავაზობთ ვიკა ბუკიას მიერ მომზადებულ მცირე დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოში დაოჯახებული ახალგაზრდების შესახებ არის. 

გაეროს მოსახლეობის ფონდი სრულად უჭერს მხარს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს ახალგაზრდებს თავიანთი მისწრაფებების განხორციელებაში. ქვეყნის წარმატებულ მომავალს დიდწილად განაპირობებს მოსახლეობის მდგრადი განვითარება, რაც წარმოუდგენელია ახალგაზრდებში ინვესტირების გარეშე. ისინი წარმოადგენენ მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს და სამართლიანად იმსახურებენ თანასწორ მოპყრობას.

დღეს მსოფლიოში 1.8 მილიარდი 10-24 წლის ახალგაზრდა ცხოვრობს. ისინი განსაზღვრავენ თავიანთი ქვეყნების სოციალურ თუ ეკონომიკურ რეალობას, ღირებულებებს და ნორმებს და ქმნიან მომავლის საფუძველს. ახალგაზრდებში ინვესტირება და მათი უფლებების დაცვა არამარტო ახალგაზრდებისთვისაა სასარგებლო, არამედ საზოგადოების მდგრადი განვითარების საფუძველია. მილიონობით ახალგაზრდისთვის, განსაკუთრებით გოგონებისათვის, მთელს მსოფლიოში მთავარ გამოწვევად რჩება ადრეული ქორწინება, რომელიც მათ დაუცველს ხდის: მილიონობით გოგონა იძულებულია იმყოფებოდეს არასასურველ ქორწინებაში, ან ჰქონდეს არასასურველი სქესობრივი კავშირები, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ადრეული ქორწინება იწვევს არასასურველი ორსულობის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკებს, მათ შორის აივ ინფექციის. გარდა ამისა, მოზარდობის ასაკში ორსულობა ზრდის დედათა სიკვდილიანობის და მშობიარობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის საფრთხეებს.

Leave a Reply