Tbilisi Open Air 2015 პირველი საფესტივალო დღის მთავარი მოვლენა, რუსი როკ-მომღერლის ზემფირას კონცერტი იყო. 2013 წელს თბილისში დაგეგმილი კონცერტის ჩაშლის შემდეგ, მას ქართველი მსმენელი განსაკუთრებულად ელოდა. როგორც აღმოჩნდა, თავად მომღერალიც ძალიან გახარებული იყო თბილისური კონცერტით.

ბოლო 10 თვის განმავლობაში ეს იყო ზემფირას პირველი კონცერტი და ერთგვარი დაბრუნება სცენაზე. ის განსაკუთრებულად გულთბილად მიესალმა ქართველ მსმენელს და არაერთხელ გადაუხადა მადლობა სიყვარულისთვის. თავბრუსდამხვევი შესრულება, ცნობილი ჰიტები, ექსცენტრიული ზემფირა და ყველას დაავიწყდა საშინელი სიცივე და ქარი.

კონცერტის ერთგვარი კულმინაცია იყო სცენაზე აფრიალებული უკრაინის დროშა, რისი ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრების გავრცელებამ რუსებში დიდი გაღიზიანება გამოიწვია.

ეს იყო ემოციების ზღვა თბილისის ზღვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ 4 დღეა და არანაკლებ პოპულარული შემსრულებლების კონცერტები, ეს იყო საუკეთესო საღამო Tbilisi Open Air  2015-ზე. დაუვიწყარი საღამო როგორც ქართველი მსმენელისთვის, ასევე ზემფირას ბასისტისთვის, რომელსაც მომღერალმა დამსწრე პუბლიკასთან ერთად მიულოცა დაბადების დღე.

მომღერალმა თავისი ერთ-ერთი პოპულარული ჰიტის “Сигареты” შესრულების წინ აღნიშნა, რომ უკვე 170 დღეა აღარ ეწევა და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის სიგარეტის გარეშე იმღერებდა.

ფოტო: Tbilisi Open Air Alter/Vision

Leave a Reply