თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა კაცობრიობის შესაძლებლობები ერთიორად გაზარდა. თუმცა, ამ ყველაფერს აქვს ე.წ ბნელი მხარე – როგორც ჩანს, 21-ე საუკუნეში სმარტფონებმა მოკლა რეალური ურთიერთობების, თავისუფალი დროის მეგობრებთან და ახლობლებთან გატარების იდეა. პრობლემა კარგად ჩანს ფოტოგრაფ Babycakes Romero-ს პროექტში სახელწოდებით – “დიალოგების სიკვდილი”.

რომერომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. ის ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გასართობ ადგილებსა თუ სხვა დანიშნულების დაწესებულებებში იღებდა ადამიანებს. ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ – ისინი არიან სმარტფონის აქტიური მომხმარებლები. ფოტოებში კარგად ჩანს, როგორ ეკარგება ამ დროს ადამიანს გარემოს, რეალობის აღქმა. ფოტოპროექტი ცნობილ ბლოგზე – Bored Panda -ზე აიტვირთა, ხოლო რამდენიმე დღის წინ რომერომ TEDx Talk -ის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა თავისი ფოტონამუშევრის შესახებ.

“მას შემდეგ, რაც პროექტზე დავიწყე მუშაობა, მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო გაუარესდა. ეს არის თანამედროვე ცხოვრების დიდი პრობლემა. ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ადამიანი მოიხმარს სმარტფონს. ეს გრძელდება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. შედეგად, ვირტუალური სამყარო ხდება რეალობა და ეს რეალობა დღითიდღე ჩვენი ცხოვრების უფრო და უფრო მეტ ასპექტს მოიცავს.”

თუკი საკუთარი გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ალბათ, თავადვე დავრწმუნდებით ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში – ყველას გაგვახსენდება სიტუაცია, როდესაც მეგობრებთან ერთად მივდივართ გასართობად, თავისუფალი დროის ერთად გასატარებლად, თუმცა, ამის მაგივრად, ყველა თავის ფუნქციურ ტელეფონზეა კონცენტრირებული და შესაძლოა, საღამო ისე გავიდეს, ერთმანეთს სულ რამდენიმე სიტყვა ვუთხრათ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას ნორმალურად აღვიქვამთ.

“ფუნქციურმა ტელეფონებმა გამოიწვია კავშირის გაწყვეტა ადამიანებს შორის. პარადოქსია – ტექნოლოგიამ, რომელიც შეიქმნა ერთმანეთთან დაკავშირების  გასამარტივებლად, სინამდვილეში ადამიანები დააშორა ერთმანეთს.” – აღნიშნა რომერომ.

 

 

 

წყარო: www.huffingtonpost.com

Leave a Reply