თავისუფლების მოედნიდან ლესელიძეს თუ ჩაუყვებით, ხელმარჯვნივ ერთ პატარა ფერად კარს დაინახავთ, რომელიც საინტერესო ინტერიერის მქონე მყუდრო კაფეში აგყვანთ ხის ძველი კიბით. ლინვილი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ფასები საშუალოა შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი, კერძები ქართული და ევროპული სამზარეულოდან, სურვილის შემთხვევაში შესაძლოა სივრცე გამოიყენო პირადი დღესასწაულებისთვისაც. 

რით არის გამორჩეული ლინვილი სხვა მრავალი თბილისური კაფისგან?

ლინვილში არის ძალიან მშვიდი, თბილი და კომფორტული გარემო თითქმის ყველა ასაკის სტუმრისთვის. აქ ვიზიტი არა უბრალოდ კაფეში წასვლას, არამედ უფრო კარგ მეგობართან სტუმრობას ჰგავს.

ვინ  დადის  ლინვილში?  

კაფე ძირითადად გათვლილია ადამიანებზე, რომელთაც უყვართ ხელოვნება და შეუძლიათ შეაფასონ სპეციალურად მათთვის შექმნილი კრეატიული, მყუდრო გარემო. ასევე შედარებით უფროსი ასაკის ადამიანებზეც, რომლებსაც სჭირდებათ მშვიდი ატმოსფერო განტვირთვისთვის.

რის დაგემოვნებას ურჩევდით თქვენს სტუმრებს? 

ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენი რეცეპტით მომზადებული “სახლის ლიმონათი” და “სახლის ცივი ჩაი” განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში.

ქართული სამზარეულოს მოყვარულებს ვურჩევთ გასინჯონ კალმახი ნიგვზით და ბროწეულის საწებლით, ხოლო ევროპული კერძებიდან – ღორის ხორცი შავი ქლიავით.

რას გველის ლინვილში განსაკუთრებული?

კვირაში რამდენიმე დღე არის ცოცხალი მუსიკა (ფორტეპიანო) საღამოს 9 საათიდან. ასევე პერიოდულად ეწყობა პრეზენტაციები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები.

კვირა – არგენტინული ტანგოს დღეა: დილის 12-დან 16:00 საათამდე ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია მოსვლა და განტვირთვა სამუშაო კვირის შემდეგ.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სტუმრები რაიმე მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას ჩვენს კაფეში წყვეტენ, იქნება ეს დაბადების დღე თუ რომელიმე დღესასწაული. ამ მხრივ, ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება სასურველი გარემო შევუქმნათ.

ფოტო – დინა ოგანოვა

რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერი კაფის კონცეფციისთვის? 

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ჩვენთან სტუმრად, აუცილებლად დარწმუნდებოდა, რომ დიზაინს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვცდილობთ ყურადღება მივაქციოთ დეტალებს, რომლებიც უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის ჩვენთან გატარებულ დროს. ეს არის კრეატიული დეტალებით დატვირთული, ძველებური სტილის სახლი. დიზაინი მთლიანად ეკუთვნის ხელოვან წყვილს, რომლებიც დღემდე ზრუნავენ იმისთვის, რომ ლინვილი რაც შეიძლება უფრო სასიამოვნო გარემო იყოს სტუმრობისათვის.

არც ისე დიდი ხანია, რაც დაგვემატა ახალი ოთახი – მაღაზია, სადაც შესაძლებელია ქართველი და უცხოელი ხელოვანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების, სამკაულებისა და ტანისამოსის შეძენა.

Facebook: – https://www.facebook.com/Linville.Cafe

 

Leave a Reply