ბავშვობიდან მჯერა, რომ არაფერია იმაზე ჯადოსნური, როცა ვიღაცას შენი სჯერა და ამას ყოველთვის გიმეორებს. თუ შესაძლებლობები ზოგჯერ ძალიან დაბალ ნიშნულთან ჩერდება და შენ ორივე ხელს ჩაიქნევ, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც არასდროს დაიღლებიან გითხრან, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ რაღაცას ძალიან მოინდომებ, ან ვიღაცისთვის მოინდომებ.

კარგად მახსოვს 35 კილო ჩემი თავი და ყველა ის ადამიანი, ვინც ჯადოქრობებს სჩადიოდა ჩემ გამო. ახლა წონაც მნიშვნელოვნად არა, მაგრამ შეცვლილია, იმედებიც, მაგრამ ეს ადამიანები არასდროს იცვლებიან, უბრალოდ, თმა უთეთრდებათ და ოდნავ წელში იხრებიან.

ანა გავალდამ, ერთი ხელის მოსმით დაატრიალა საოცარი ბიჭის ისტორია ყველა მკითხველის გულში, ბიჭის, რომელსაც მთელი თავისი პატარა არსებით სძულა სკოლა, სწავლა, ადამიანები მის გარშემო, რომელიც მიუთითებდნენ მისი შესაძლებლობების სიმცირეზე.

გრეგუარ დიუბოსკი 13 წლისაა და 35 კილოს იწონის, კლასში რამდენჯერმე ჩარჩა, ხან სიარულის მანერაზე დასცინიან, ხან უცოდინრობაზე. სახლში დაბრუნებული, ხშირად ფიქრობს საკუთარ გამოგონებებზე, იმ ნივთებზე, რომელიც მისი პატარა ხელებით შენდება, კეთდება, მწყობრში მოდის და მთელ ქალაქში ერთადერთი იმედი ეგულება – ბაბუა და მისი ფარდული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხოვრებაში ვის ვირჩევთ თანამეგზურად, მრჩევლად, ვისი გვჯერა თვალდახუჭულად – ასეთ ადამიანებზეა სწორედ დამოკიდებული რა გზას ავირჩევთ და როგორი იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გრეგუარის ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი დგება, მშობლები ერთმანეთს ვეღარ უგებენ და ურთიერთობების მთელი სიმძიმე მასზე გადადის, ის რომ არც ერთ სკოლას არ უნდა გრეგუარის მიღება მთავარი მიზეზი ხდება გორგლის აბურდვის. 35 კილოგრამი წონის ადამიანი ზის და ცდილობს ეს გორგალი მთელი თავისი სიზუსტით, თავიდან დაახვიოს, გულით ცდილობს მოუსმინოს ბაბუას, რომელიც ერთადერთ რამეს სთხოვს, იყოს გულწრფელი და დაწეროს ის, რასაც ფიქრობს. გრეგუარი კალამს იღებს და წერილს სწერს ერთადერთი სასურველი სკოლის დირექტორს:

„ბატონო გრანშამის სკოლის დირექტორო,

ძალიან მინდა თქვენი სკოლის მოსწავლე გავხდე მაგრამ ვიცი რო ამის შანსი არა მაქვს, რადგან ძალიან ცუდი სასკოლო დოსიე მაქვს. სარეკლამო პუბლიკაციების მიხედვით მგონია რო თქვენს სკოლას უნდა ქონდეს მექანიკური საამქროები, ხის სახელოსნოები, ინფორმატიკის კაბინეტები, სათბური და ა.შ.

მე ვფიქრობ რო ცხოვრებაში ქულები არაფერს არ ნიშნავს. არსებობს კიდევ მოტივაცია. ძალიან მინდა გრანშამში მოვხვდე რადგან ჩემი აზრით მანდ ვიქნები ყველაზე ბედნიერი. არც დიდი ვარ და არც მოსული. მხოლოდ 35 კილო იმედს ვიწონი.

შეხვედრამდე!“

ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც გრეგუარს ბაბუა უყვებოდა. ის ბავშვობიდანვე შთააგონებდა მას, რომ ყველაფერი შეეძლო, იმაზე ჭკვიანი და მამაცი იყო, ვიდრე ეს თავად წარმოედგინა. ადამიანებს გვაძლიერებს იმაზე ფიქრი, რომ სიკეთეს სწორედ იმ ადამიანების საპატივცემულოდ ჩავდივართ, ვისაც ჩვენი სწამდა. კომაში მყოფი ბაბუის წარმოდგენაზე, პატარა გრეგუარის ფიქრები ასეთია:

„ბაბუა ლეონ, შეხედე, სად ამოვედი. მე ჩემ ძალას და სურვილებს გიგზავნი. მიიღე! ახლა ეს ყველაფერი ძალიან გჭირდება. შენ შენი ცოდნით უკვე დამეხმარე, ამიტომ, რაც მაქვს, ყველაფერს შენ გიგზავნი: ჩემს ახალგაზრდობას, ჩემს გამბედაობას, ჩემ სუნთქვას, ჩემს პატარა, მებრძოლ კუნთებს… წაიღე, რა, ბაბუა ლეონ, ყველაფერი წაიღე, გევედრები!“

12083651_10207647327970784_1939754334_n

წიგნის კითხვის დროს, დედამ ოთახში შემწვარი ვაშლი შემომიტანა. მინდოდა მეტირა, იმ დამთხვევებზე, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაწყდები. გამახსენდა ძალიან პატარა ჩემი თავი, უშუქობაში, ძველ ღუმელთან როგორ ვისხედით მე და ბაბუაჩემი, ის ხის სკამზე, მე – მის კალთაში და სუნი იმ შემწვარი ვაშლის, რომელიც ყველაზე გემრიელად მეჩვენებოდა მაშინ, ამდენი წლის შემდეგ, იმ ღამეს რომ გავსინჯე.

48 კილო იმედს ვიწონი და მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ ჩვენი რწმენა ერთ ადამიანს მაინც აქვს!

 

Leave a Reply