„ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ კალამსა და ერთ წიგნს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა“ – მალალა იუსაფზაი.

მაშინ, როცა ჩვენ, ახალგაზრდა თაობა, მოგზაურობაზე, ფულსა და უდარდელ ცხოვრებაზე ვოცნებობთ, დიდად არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სადღაც შორს, არსებობს ქვეყანა სახელად პაკისტანი, სადაც გოგონების მთავარი ნატვრა განათლების მიღებაა. ალბათ, ამ პრობლემის შესახებ დღემდე ძალიან ცოტას თუ ეცოდინებოდა, რომ არა მალალა იუსაფზაი – გოგონა, რომელმაც ხმა აიმაღლა  მაშინ, როცა მთელი მსოფლიო დუმდა. მან გრძელი და საშიში გზა განვლო, გზა სვატის ხეობიდან ნობელის პრემიამდე. მალალა საკუთარ სამშობლოში იბრძოდა იმისთვის, რომ გოგონებისთვის სკოლაში სიარულის უფლება მიეცათ. „თალიბანმა“ მალალას გაჩუმება ტყვიის საშუალებით სცადა, მაშინ როცა ის სკოლის ავტობუსით შინ ბრუნდებოდა. პაკისტანში ბოლო 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 724 მსგავსი თავდასხმა დაფიქსირდა. თითოეული მათგანი გოგონების მიერ საშუალო განათლების შეწყვეტისკენ იყო მიმართული. უამრავ გოგონას სკოლის მერხი აღარასდროს უნახავს. მალალა კი გადარჩა და მას შემდეგ აღარ გაჩუმებულა.

„მან დამარქვა მალალა“ (He named me Malala) – ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმის პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შედგა. ეს არის განათლებისთვის მებრძოლი, პაკისტანელი გოგონას ცხოვრების ამსახველი ფილმი. დოკუმენტურ ფილმს 18 თვის განმავლობაში ბრიტანეთში, კენიაში, ნიგერიაში, აბუ დაბისა და იორდანიაში იღებდნენ. ნამუშევარი ასევე მოგვითხრობს მალალას ახლო ურთიერთობაზე საკუთარ ოჯახთან და მეგობრებთან. თუმცა, საერთო ჯამში, ეს არის ისტორია იმის შესახებ თუ რამხელა ძალა აქვს ერთ ხმას, მაშინ, როცა სამყარო დუმს.

როდესაც მალალას ჰკითხეს, რას გააკეთებდა ახლა, ჩვეულებრივი გოგონა რომ ყოფილიყო, მან უპასუხა: – „მე ისევ ჩვეულებრივი თინეიჯერი ვარ. თუმცა, მე რომ ჩვეულებრივი დედ-მამა მყოლოდა, ახლა ორი შვილი მეყოლებოდა.“ ზოგადად პაკისტანში სხვა ქვეყნებთან შედარებით ბავშვთა ქორწინების საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. გოგონების დაახლოებით 21% 18 წლამდე ანუ სრულწლოვან ასაკამდე ქმნის ოჯახს. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის ტრადიციების, კულტურის, სქესობრივი უთანასწორობისა და განათლების ნაკლებობის გავლენით. როდესაც გოგონები წყვეტენ საშუალო განათლების მიღებას, ისინი მალევე თხოვდებიან, ნებით თუ იძულებით. პატარა ასაკში მშობიარობა ზრდის სიკვდილიანობას როგორც ახალშობილებში, ისე დედებში. რაც, საბოლოოდ, უარყოფითად მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.

მალალა დღემდე აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მალალა არის ის ადამიანი, რომელმაც განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონებს უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა.

 

წყაროები:

http://www.unicef.org/education/bege_70640.html

http://www.theguardian.com/world/malala-yousafzai

http://www.pakistantoday.com.pk/2015/03/21/comment/women-and-education-yet-another-divide/

Leave a Reply