მარიამ ჩადუნელი ახალგაზრდა მთარგმნელია. თუმცა, ძნელად თუ იტყვი, რომ კანადელი მწერლის, მაიკლ ონდააჩის სახელგანთქმული რომანის, “ინგლისელი პაციენტის”  (საქართველოში, ძირითადად, წიგნის მიხედვით 90-იანებში გადაღებული ფილმია ცნობილი) თარგმანი 27 წლის დებიუტანტს ეკუთვნის. მარიამი 5 წელია, რაც კანადაში, ქალაქ ედმონტონში ცხოვრობს და ალბერტას უნივერსიტეტში ანთროპოლოგიას სწავლობს. მთარგმნელს გამომცემლობა “დიოგენეს” მეშვეობით დავუკავშირდით. სწორედ  “დიოგენემ” გამოსცა “ინგლისელი პაციენტი” ახლახანს.

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სათარგმნად ცნობილი რომანი შეარჩიე  – ალბათ ყველა დამწყებ მთარგმნელს სურს, მის მიერ ნათარგმნი წიგნი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს; არც ისაა გასაკვირი, რომ ეს წიგნი სწორედ კანადელ მწერალს ეკუთვნის  – უკვე რამდენიმე წელია, კანადაში ცხოვრობ და კანადური ლიტერატურითაც დაინტერესებული ხარ. და მაინც, ისეთი რთული, პოეტური ტექსტის, როგორიც “ინგლისელი პაციენტია”, პირველ ჯერზე სათარგმნად შერჩევა დიდ გამბედაობას მოითხოვს.

დავიწყებ იმით, რომ წიგნი სათარგმნად მე არ შემირჩევია. გამომცემლობის არჩევანი იყო. როცა “დიოგენეს” დავუკავშირდი და თანამშრომლობა შევთავაზე, ჩემს წერილს თარგმანის ნიმუშიც ახლდა. კანადელი მწერლის თარგმანი არა. ფლენერი ო’კონორის პატარა მოთხრობა იყო. ის, რომ კანადაში ვცხოვრობ, სულაც არ განაპირობებს სათარგმნი ლიტერატურის არჩევანს. ამ შემთხვევაში უფრო სხვა რაღაცები მუშაობს. ისე კი, კანადელ მწერლებს მართლაც ხშირად ვკითხულობ. აქ ჩამოსვლამდე ინგლისურენოვან კანადურ ლიტერატურაზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. “ინგლისელი პაციენტის”  ენას რაც შეეხება, სწორი ეპითეტი გამოიყენე _ “პოეტური”. მაიკლ ონდააჩი პოეტია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რომანებით უფრო იცნობს. პირველად მისი ლექსების კრებული “The Cinnamon Peeler” წავიკითხე და მოვიხიბლე. მაშინ არ ვიცოდი, რომ ფილმი “ინგლისელი პაციენტი” წიგნის მიხედვით გადაიღეს, წიგნის ავტორი კი ონდააჩი იყო. თარგმნის პროცესი არ იყო იოლი, მაგრამ ნებისმიერი კარგი მწერლის თარგმნა რთულია.

english-patient-the-DI-2

როგორც ვიცი უნივერსიტეტში ანთროპოლოგიას სწავლობ, მხატვრული თარგმანით როგორ დაინტერესდი?

უცხოენოვან გარემოში დიდხანს ცხოვრებას, თავისი უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ფაქტში დადებითი უფრო მეტია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ენას ვგულისხმობ. აქ ჩამოსვლიდან ორი წლის თავზე მივხვდი, რომ ჩემს ქართულს რაღაც დაემართა. მხოლოდ ინგლისურად მიწევდა ადამიანებთან ურთიერთობა და წერა, ზოგიერთი ქართული სიტყვის გასახსენებლად უკვე დაფიქრება მჭირდებოდა, მაგრამ ლექსიკასთან დაკავშირებული პრობლემა დიდი არაფერია, იმასთან შედარებით, რაც სინტაქსს დაემართა. ამან ძალიან შემაწუხა. მივხვდი, რომ რაღაც უცნაური ქართულით ავმეტყველდი. ქართულად კითხვა დავიწყე. რაღაც სავარჯიშოსავით იყო. დილას ინანიშვილის რომელიმე მოთხრობის წაკითხვით ვიწყებდი. თარგმნის მოთხოვნილებაც თავისით გაჩნდა. ამას უფრო ვარჯიში ერქვა, ვიდრე მთარგმნელად გახდომის სურვილი. როგორც ვთქვი, უცხოენოვან გარემოში ცხოვრება, შეიძლება, მშობლიური ენისთვის სასარგებლო გამოდგეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ქართულს ძალიან წაადგა. უფრო ყურადღებიანი გავხდი ენის მიმართ, უფრო ინტერესიანი. ქართულ სიტყვებს თითქოს უფრო ვაგემოვნებდი. ჩემი ქართული აქ უფრო მოვაწესრიგე. ამას საქართველოში ნამდვილად ვერ შევძლებდი. აქ არც ქართულ ტელევიზიას ვუყურებ, არც ყოველდღიური მეტყველება მესმის და არც სოციალურ ქსელს ვიყენებ. მხოლოდ კარგი ქართულით დაწერილ კარგ წიგნებს ვკითხულობ. გამიჩნდა გრძნობა, რომ რაღაცნაირად უნდა მოვუფრთხილდე ამ უცნაურ ენას, რომელიც ჩემ გარშემო არავის ესმის. ევროპიდან ამერიკაში გადაბარგებული აიზეკ ზინგერი იდიშზე წერდა, მომაკვდავ ენაზე, თუმცა ინგლისურად წერაც შეეძლო. კარგად იცოდა, რომ მისი თაობა ბოლო იყო, ვინც ამ ენაზე მეტყველებდა, მაგრამ ეს არ აფრთხობდა, პირიქით, საკუთარი თავისა და ენის რწმენას მატებდა. შეიძლება, ეს მთლად ზუსტი მაგალითი არაა – არც ქართულია მომაკვდავი ენა და არც მე ვარ ზინგერი  – მაგრამ იმის მიახლოებით ასახსნელად, რას ვგრძნობდი და რატომ დავიწყე თარგმნა, ალბათ გამოდგება.

თარგმნა, მითუმეტეს რომანის თარგმნა, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. როგორ ახერხებ ამ საქმიანობის სწავლასთან შეთავსებას?

მარტივად  – რაც უფრო ბევრია საქმე, დროც მით უფრო მეტი მაქვს. დროის სწორად განაწილება ვისწავლე, მეტი არაფერი. ესეც აქ, უცხოეთში ცხოვრების შედეგია. სასწავლო პროცესი მართლაც ძალიან დატვირთულია  – მხოლოდ იმ ლიტერატურის ჩამონათვალმაც კი, წლის განმავლობაში რომ უნდა დაამუშავო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს, მაგრამ მერე ხვდები, რომ უამრავი შენნაირი სტუდენტი ამას ახერხებს. საკუთარ თავზე ძალადობა ნამდვილად არ გიწევს, უბრალოდ გონივრულად გეგმავ დღეებს. თან სტუდენტებისთვის და, ზოგადად, სწავლისთვის აქ იდეალური გარემოა. ხელს არაფერი გიშლის, თუკი თავს არ იტყუებ და მართლა გინდა რამის კეთება. როცა გამომცემლობიდან პასუხი მივიღე, რომ ჩემი თარგმანები ურიგო არ იყო, ცხადია, მესიამოვნა, მაგრამ რომანის თარგმნა რომ შემომთავაზეს, ცოტა შევშინდი. მანამდე მხოლოდ მოთხრობები მქონდა ნათარგმნი, თუმცა, თავს შევუძახე. აღმოჩნდა, რომ თარგმნის დრო მქონია. მანამდე მეგონა, რომ ჩემს გადატვირთულ გრაფიკში რამის ჩამატება შეუძლებელი იქნებოდა.
თავისუფალი დრო თუ გრჩება? როგორ ისვენებ ხოლმე?

თავისუფალი დრო მრჩება და ამ დროის დაგეგმვა საქმეების განაწილებაზე არანაკლებ რთულია, რადგან დიდი არჩევანი მაქვს. თუკი თავისუფალი მხოლოდ რამდენიმე საათი მაქვს, ძირითადად, ვკითხულობ. თუ უფრო მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაშინ ყველაფერს ვივიწყებ და მთელ დროს ბერდვოჩინგს ვუთმობ. ბერდვოჩინგით კანადაში დავინტერესდი. უკვე მესამე წელია, სერიოზულად მიტაცებს. ნარკოტიკივით არის. რაღაც სეზონური ციებ-ცხელების მსგავსია. დურბინდი ჩემი ლამის ისეთივე განუყრელი ნივთია, როგორიც მობილური ტელეფონი ან აიპოდი.

რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობ? ბოლოს წაკითხული წიგნებიდან რომელმა მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ჟანრული ლიტერატურა ნაკლებად მიზიდავს. ძირითადად general fiction-ს ვკითხულობ. არამხატვრულ ლიტერატურასაც, ცხადია. ახლახანს დავასრულე ბენ ლერნერის რომანი. შესანიშნავი მწერალია.

“ინგლისელი პაციენტის” ქართული თარგმანი ბევრმა გამოცდილმა მთარგმნელმა დადებითად შეაფასა. ზოგადად, ქების სიტყვები არავის დაუშურებია, ვინც კი წიგნი წაიკითხა. ელოდი ასეთ გამოხმაურებას?

სურვილი ნამდვილად მქონდა, რომ ამ გამორჩეული მწერლის რომანი ქართულად უღიმღამო არ გამოსულიყო. მიხარია, თუკი ეს შევძელი.

Screen Shot 2015-11-17 at 6.50.07 PM

Leave a Reply