დევიდ ბოუის უკვე საკუთარი თანავარსკვლავედი აქვს. ის  მარსის სიახლოვეს მდებარეობს, შვიდი ვარსკვლავისაგან  შედგება და ელვის ფორმისაა. მუსიკოსის გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე, ბელგიელმა ასტრონომებმა თანავარსკვლავედის რეგისტრაციის თაობაზე ოფიციალურად განაცხადეს.

ეს შესაფერისი და სიმბოლური პატივია ბოუისათვის – არტისტისათვის, რომლისთვისაც სამყარო, გალაკტიკა ყოველთვის ინსპირაციის წყარო იყო. ამის კარგი მაგალითია 1973 წელს გამოსული მუსიკალური ალბომის გარეკანი და სინგლები –  SPACE ODITY, Ziggy Stardust, LIFE ON MARS.

ბოუის თანავარსკვლავედი რადიოსადგურ Studio Brussel-ისა და ბელგიის საჯარო ობსერვატორიის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეირჩა . როგორც შემდგომში ობსერვატორიის თანამშრომლებმა განაცხადეს, ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო  :

Studio Brussel-მა  გვთხოვა ბოუისათვის უნიკალური ადგილი გვეჩუქებინა გალაკტიკაში. ეს ნამდვილად არ იყო მარტივი. რამდენიმე შესაძლო ვარიანტის განხილვის შემდეგ, ავარჩიეთ მარსთან ახლოს განლაგებული შვიდი ვარსკვლავი. თანავარსკვლავედის ფორმა ზუსტად ემთხვევა ბოუის საკულტო იმიჯის მთავარ დეტალს – მის სახეზე მოხატულ ელვას.”

თანავარსკვლავედი პროექტ - Stardust For Bowie-ს ნაწილია. პროექტი არტისტის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და ის ბოუის  თაყვანისმცემლებს საშუალებას  აძლევს Google Sky -ს მეშვეობით, სისტემაში დაამატონ საყვარელი ნამუშევრები მუსიკოსის შემოქმედებიდან და დაურთონ გარკვეული ჩანაწერი.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბოუი 10 იანვარს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა სიმსივნესთან თვრამეტთვიანი ბრძოლის შემდეგ.

Leave a Reply