27 წლის მხატვრის, ნინო ხურვილავას ნამუშევრებით ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის Vogue-ი და Daily Telegraph-ი დაინტერესდნენ და საკუთარ მკითხველებს ამცნეს გოგონას შესახებ, რომელიც ბავშვობიდან ხატავს, თბილისში ცხოვრობს და საინტერესო ხელწერა აქვს. ნინო  ძალიან საინტერესო და სასიამოვნო რესპოდენტი გამოდგა. მხატვართან ინტერვიუ 2 თებერვალს სპეციალურად ჟურნალი What I See-ის მკითხველისათვის ჩაიწერა.

ბოლო დროს სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა შენი წარმატება, რაც შენი ნამუშევრების ბრიტანულ Vogue-ის გამოცემასა და Daily Telegraph-ში დაბეჭდვაში გამოიხატა. მომიყევი, თუ როგორ გაიგე ამის შესახებ და რა რეაქცია გქონდა?

ძალიან სასაცილო იყო ეს ისტორია, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, თუ რომელიმე მათგანი აპირებდა ჩემი ნამუშევრების დაბეჭდვას. თავდაპირველად ისინი დაიბეჭდა Daily Telegraph-ში. მახსოვს იმ დროს ქალაქგარეთ ვიყავი, როდესაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემთვის სიურპრიზი ჰქონდათ. Daily Telegraph-ში ჩემი ნამუშევრების დაბეჭდვის შესახებ რომ გავიგე, თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა რა დონის ჟურნალი იყო – მე დიდად ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში. როდესაც მეგობარმა ამიხსნა და მეც გავერკვიე, საოცარი რეაქცია მქონდა – ალბათ არასდროს არ გამხარებია ასე ძალიან ჩემი ნამუშევრების სადმე დაბეჭდვა. მანამდეც არანაკლებ კატალოგებში იყო ჩემი ნამუშევრები მოხვედრილი, ბევრგან დაიბეჭდა, მაგრამ ასეთი რეაქცია ნამდვილად არაფერზე მქონია. რაც შეეხება Vogue-ს, იანვარში ვიყავი ჩასული ინგლისში. ჩემი ძმა ცხოვრობს იქ და ძალიან ხშირად ჩავდივარ ხოლმე. ერთ-ერთ ჩასვლაზე ვესტუმრეთ ოჯახს, სადაც ჩემი ნამუშევრები აქვთ. ჟურნალების მაგიდაზე ედოთ Vogue და მთხოვეს გადამეშალა და დამეთვალიერებინა. თვალიერებისას მოულოდნელად წავაწყდი ჩემს ნახატს ჟურნალში. ამ შემთხვევაში სიხარული  ბევრად უფრო გააზრებული იყო, რადგან ვიცოდი, რას ნიშნავს აქ მოხვედრა.  ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურად მახსენდება, რადგან სრულიად გააზრებულად ვიცოდი, თუ რამხელა წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება იყო ეს ჩემთვის.

   

შენ ახსენე, რომ შენი ნამუშევრები სხვა კატალოგებშიც დაიბეჭდა. ხომ არ გაიხსენებ, კიდევ რომელ კატალოგებში გამოქვეყნდა ისინი?

აკადემიაში სწავლის დროს ხშირად ტარდებოდა კონკურსები საზღვარგარეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო ბიენალე, რომელიც ჩინეთში ჩატარდა და რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. მე და ჩემმა ჯგუფელებმა იქ გავაგზავნეთ  ჩვენი ნამუშევრები მონაწილეობის მისაღებად. მე ერთი ნამუშევარი გავაგზავნე. ეს იყო ლითოგრაფია- პუტკუნა ბალერინები, რომელმაც  სამი ეტაპი გაიარა, მოხვდა გამოფენაზე და  დაიბეჭდა კატალოგში. ეს კატალოგი საჩუქრად გამომიგზავნეს, მე კი მათ ჩემი ნამუშევარი ვაჩუქე, რომელიც დღესაც ინახება იქ მათ კოლექციაში.

ანუ შენც იყავი ჩასული ჩინეთში ამ გამოფენაზე დასასწრებად?

არა, სამწუხაროდ ვერ შევძელით. დაგვპატიჟეს გამოფენაზე დასასწრებად, მაგრამ ფინანსურად ვერ გავწვდით. თუმცა, ჩემი ნამუშევარი საჩუქრად დავუტოვე და არ გამოვაგზავნინე.

რამდენი ხანია, რაც საზღვარგარეთაც მუშაობ პროექტებზე. გასაგებია, რომ კონკურსებზე აქედან აგზავნი შენს ნამუშევრებს, თუმცა, როგორც სტატიიდან და შენს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან მივხდი, ბრიტანეთის Vogue-სა და Daily Telegraph-ში დაბეჭდილი ნამუშევრები ლონდონში შეიქმნა. უბრალოდ კერძო შეკვეთა იყო ეს ერთ-ერთი ჩასვლისას, რომელიც ადგილზე გქონდა, თუ გაქვს ხოლმე მოწვევევი სხვადასხვა ქვეყნებიდან რაიმე პროექტის განსახორციელებლად?

ანუ თქვენ გაინტერესებთ, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დაიწყო 2011 წელს, როდესაც აქტიურად დავიწყე ინგლისში ჩემს ძმასთან ჩასვლა. იქ ხშირად ვხატავდი ხოლმე მასთან სახლში. ჩემმა ძმამ დამითმო ერთი ოთახი, მომამარაგა ყველა საჭირო მასალით და ჩემთვის ვმუშაობდი. ამასთან, დიდი ხნით ჩავდიოდი ხოლმე – დაახლოებით სამი-ოთხი თვით. შესაბამისად, დროც ბევრი მქონდა. თავდაპირველად ჩემი ნახატებით ადგილობრივი საახლობლო წრე დაინტერესდა. ამ გზით ორი ნამუშევარი გაიყიდა, რის შემდეგადაც ჩემი ნახატებით უკვე ის ოჯახი დაინტერესდა, ვისი სახლის ინტერიერიც ჟურნალებში დაიბეჭდა. ბალერინებზე მუშაობის შუალედში შემეხმიანნენ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კოლეჯიდან –  Imperial college London-იდან, სადაც არის ასთმისა და ალერგიის კვლევის ცენტრი. ეს უნივერისტეტი მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლების ათეულში შედის ( 2015 წლის მონაცემებით მე-8-ე ადგილი უკავია http://www.topuniversities.com/universities/imperial-college-london ). იმ პერიოდში მათ ჰქონდათ კოლეჯის დაარსებიდან 100 წლის იუბილე და სურდათ ამ თარიღთან დაკავშირებით მხატვრისათვის ტილო შეეკვეთათ. მათაც, ბალერინების შემკვეთი ოჯახის მსგავსად,  თემატიკაში არ შემზღუდეს. ღონისძიებაზე ტილოს დიდი პრეზენტაცია მიუძღვნეს. იმის გამო, რომ საქართველოში ახალი დაბრუნებული ვიყავი, სამწუხაროდ ვიზის გაგრძელება ვერ შევძელი, რის გამოც პრეზენტაციას ვერ დავესწარი. თავისთავად ის, რომ ამ მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტმა პატივი დამდო და მისი დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტილო მე შემიკვეთა, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი წარმატებული მოვლენა იყო და არის.

12735947_10205695253365432_460084189_n

ტილო, რომელიც Imperial college London -ისთვის შეიქმნა

ტილო, რომელიც Imperial college London -ისთვის შეიქმნა

ტილო, რომელიც Imperial college London -ისთვის შეიქმნა

ტილო, რომელიც Imperial college London -ისთვის შეიქმნა

ტილო, რომელიც Imperial college London -ისთვის შეიქმნა

ტილო, რომელიც Imperial college London -ისთვის შეიქმნა

ტილო, რომელიც Imperial college London -ისთვის შეიქმნა

ტილო, რომელიც Imperial college London -ისთვის შეიქმნა

ამჟამად გაქვთ, თუ არა რაიმე შემოთავაზება?

დიახ, მაქვს. მას შემდეგ, რაც ტელევიზიის საშუალებით გავიდა სიუჟეტი ჩემზე, რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და გამოთქვეს  ჩემი ნამუშევრების შეძენის სურვილი.

საზღვარგარეთ?

საზღვარგარეთ ჯერჯერობით არა.

როგორ დაიწყო ყველაფერი, ანუ როგორ დაიწყე ხატვა. როგორ შეხვდით თქვენ და ფერწერა?

ეს ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. პირველ კლასში ვიყავი, როდესაც საირმეზე არსებულ ხელოვნების სკოლაში შემიყვანეს მშობლებმა. შემიყავნეს საბალეტო წრეზე. ბალეტის გაკვეთილები ტარდებოდა მეორე სართულზე, ხატვის კი პირველზე. ერთი-ორჯერ შევიხედე ხატვის გაკვეთილებზე და ძალიან მომეწონა სიტუაცია, რის გამოც ვთხოვე ჩემს მშობლებს, რომ იქნებ ორივე წრეზე ვეტარებინე. მახსოვს პირველ მასწავლებელს ზურა ერქვა. სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს. სწორედ იქიდან დაიწყო ყველაფერი. შეიძლება ითქვას, რომ მანდ „მოვიწამლე“. შემდეგ კი, როცა მივხვდი, რომ ეს ის არის რაც მე  მინდა, იმის მიუხედავად, რომ დედას სურდა მე საბალეტო სფეროს გავყოლოდი, რადგან მისი უდიდესი ოცნება იყო, რომ ყოფილიყო ბალერინა და იმის გამო, რომ თავად ვერ აიხდინა, სურდა ჩემში განეხორციელებინა ის, გადავწყვიტეთ, რომ დროის უკმარისობის გამო ბალეტისთვის დაგვენებებინა თავი და ხატვას გავყოლოდი. მოგვიანებით ამიყვანეს კერძო პედაგოგი. შემდეგ დავდიოდი დოლიძის ქუჩაზე არსებულ ოთხწლედში, რის შემდეგაც ჩავაბარე ნიკოლაძის სასწავლებელში, სადაც ვსწავლობდი ფერწერის მიმართულებით. სასაწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატის პერიოდში ვსწავლობდი დაზგურ გრაფიკასა და წიგნის ილუსტრაციის ფაკულტეტზე, მაგისტრატურის პერიოდში კი, სარეკლამო დიზაინისა  და პლაკატის დიზაინის მიმართულებაზე.

თავიდან რომ იწყებდე ცხოვრებას რა პროფესიას აირჩევდი?

არ შევიცვლიდი ჩემს პროფესიას, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შეიძლება ვიყო სხვა ადამიანი.

65952_4438576007356_1732087161_n

ყველაზე მეტად რა მოგწონს შენს საქმიანობაში?

იცი რა მომწონს?! ის, რომ საკუთარი თავის გამოხატვა შეგიძლია არა სიტყვებით, არამედ ფორმით, ფერით. ხშირად ყოფილა, რომ ხატვით, სურათით, ადამიანისთვის უფრო მეტის თქმა შემეძლო, ვიდრე სიტყვით. არ ვიცი, ალბათ ემოციებზეა ყველაფერი და ალბათ მე უფრო მეტ ემოციას ვდებ ჩემს ნამუშევრებში, ვიდრე სიტყვებში.

ზოგადად, გამოხატვის თვალსაზრისით, რომელ ფერებს თვლი ემოციების გამოსახატად უფრო ექსპრესიულად, რომელი ფერი გიყვარს და რომელ ფერს ხმარობ ყველაზე ხშირად?

არ მახსოვს ვინ, მაგრამ ადრე ვიღაცამ თქვა, რომ როგორ შეიძლება მწერალს ჰკითხო, რომელია მისი საყვარელი ასო. ვერ გეტყვი რომელი ფერი მიყვარს ყველაზე ძალიან, მაგრამ ხატვისას, გამოყენების თვალსაზრისით, უპირატესობას ვანიჭებ ყვითელს, იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ნათელია, ძალიან თბილია და მზესთან ასოცირდება . მე საერთოდ მზის ადამიანი ვარ, არ მიყვარს ზამთარი და ყოველთვის ვცდილობ, რომ  რაც არ უნდა დეპრესიაში ვიყო, ან ცუდ ხასიათზე, სათქმელი მუდამ გამოვხატო ნათელ ფერებში. მიყვარს ჟღერადი ფერები. სიჭრელე მიყვარს.

"SWAN LAKE" 80X50 cm. Oil on canvas_ 2012

“SWAN LAKE” 80X50 cm. Oil on canvas_ 2012

შენ ახსენე ბალეტი და ის, რომ დადიოდი ბალეტზე. ძალიან ბევრი ნამუშევარი ვნახე შენი შესრულებით სხვადასხვა ზომის, ფორმისა და წონის ბალერინას გამოსახულებით. შენ როგორ თვლი, არის თუ არა ეს ბავშვობის ოცნების გაგრძელება, რომ ორივეს იყენებ- ხატვასაც და ბალერინობასაც? იმიტომ, რომ შეიძლება თავად არ ცეკვავ,  და არ ხარ პროფესიონალი ბალერინა, მაგრამ მუდმივად ინარჩუნებ მასთან კავშირს?

სიმართლე გითხრა მანამდე არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ასეა, რადგან აქამდე ჩემი ქვეცნობიერი ხატავდა.  ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში, როდესაც ბალეტს ხატვა ვარჩიე – არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. მართლა ვნანობ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა ბალეტი. ვგიჟდებოდი, ისეთი სიხარულით მივყვებოდი ხოლმე დედას საბალეტო სკოლაში. ალბათ მსურს ეს ნახატებში ავსახო და კავშირი დავიჭირო წარსულთან. ამასთან, რომ ვიცი დედაჩემს რამდენად უნდოდა , რომ ბალეტს გავყოლოდი და როგორ უნდოდა ეს, თუნდაც ის ნახატი – My Mom’s Dream – ბევრჯერ ყოფილა, რომ დილით დედაჩემი გამოსულა საძინებლიდან და უთქვამს , რომ – იცი რა დამესიზმრა დღეს? თითქოს დიდ სცენაზე ვცეკვავდი. ეს დედასთვის უდიდესი ოცნება იყო, რისი ასრულებაც მისმა მშობლებმა ვერ შეძლეს. და დღემდე ესიზმრება რომ ცეკვავს. სულ ამაზე ფიქრობს და რომელიმე ტელეარხზე თუ გადის ბალეტი – აუცილებლად ჯდება და უყურებს. ალბათ რაღაც სინანულის გრძნობა მაგ მხრივაც მაქვს, ერთგვარი პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ, რომლისთვისაც ვერ შევძელი ოცნების ასრულება. მე კი ავისრულე ჩემი ოცნება, მაგრამ ვერ შევძელი მისი ოცნების ასრულება. და ამიტომ ნახატიც და მისი სათაურიც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რასთანაც მე ყოველდღიურად ვისმენ.

"MY MOM'S DREAM" 400cm X 300cm/Oil on canvas/London 2012

“MY MOM’S DREAM” 400cm X 300cm/Oil on canvas/London 2012

"MY MOM'S DREAM" 400cm X 300cm/Oil on canvas/London 2012

“MY MOM’S DREAM” 400cm X 300cm/Oil on canvas/London 2012

"MY MOM'S DREAM" 400cm X 300cm/Oil on canvas/London 2012

“MY MOM’S DREAM” 400cm X 300cm/Oil on canvas/London 2012

"MY MOM'S DREAM" 400cm X 300cm/Oil on canvas/London 2012

“MY MOM’S DREAM” 400cm X 300cm/Oil on canvas/London 2012

როდესაც შენი ნამუშევრების ფოტომასალა დავათვალიერე, აღმოვაჩინე, რომ განსხვავებული ტექნიკა გაქვს. კერძოდ ბალერინების ცნობილ ტილოზე მოცეკვავეების კაბები და მკერდის ადგილი განსხვავებული ხერხითაა დამუშავებული. მაინტერესებს რა ტექნიკას იყენებ ხატვისას

იმის გამო, რომ მე ნიკოლაძეში დავამთავრე ფერწერა, ხოლო აკადემიაში გრაფიკა, შევეცადე არცერთი არ დამეკარგა და შემექმნა მათი ნაზავისაგან მიღებული სტილი, რათა გამომეხატა ყველაფერი ის , რაც იქ ვისწავლე და ამასთან არცერთი არ დამეკარგა. სწორედ ამის გამო ვხატავ ზეთის საღებავებით, ვიყენებ ნახშირსაც, ხანდახან აკრილს, გუაშს, ყველაფერს ერთად. ის ფაქტურა, რაც შენ გაინტერესებს, არის ჩვეულებრივი გაჯის მსგავსი ფაქტურა, რომელიც ტილოზე დატანის შემდეგ რამდენიმე საათში შრება. მე მიყვარს ექსპერიმენტები, რადგან ვთვლი, რომ ექსპერიმენტების გარეშე ვერ განვითარდები. მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვისწავლე. ესეც ერთ-ერთ ექსპერიმენტს წარმოაადგენდა. იმის, გამო რომ ვიცი ბალერინას კაბა როგორი ფაქტურისაა, შევეცადე მიმეღო რამე მსგავსი. ბევრი ვიარე და ვეძებე სხვადასხვა მასალები. სამწუხაროდ ეს მასალები საქართველოში არ იყიდება, მაგრამ იქ ძალიან დიდი ასორტიმენტია და არჩევანიც დიდია. მასალა კარგი ხარისხისაა, კარგად იღებს ტილო, მალე შრება და დიდხანს ნარჩუნდება. გარდა ამისა, აქტიურად ვიყენებ ზეთის დაძველების ტექნოლოგიასაც.  ამისათვის საჭიროა ჩვეულებრივი საკვები ზეთი მოათავსოთ ჭრჭელში, დაუმატოთ შავი პური და დადოთ მზეზე.
დაახლოებით 1წლის შემდეგ ზეთი თეთრდება და საღებავთან შეერთებისას ფერს უფრო ბზინვარეს აჩენს, თანაც სურათი ისე შრება, რომ ბოლოში ლაკის გადასმაც აღარ სჭირდება.
3 ლიტრიანი ზეთის ქილა უკვე 2 წელია მიდევს აივანზე.

Four Seasons

Four Seasons

ტილოში MY Mom’s Dream ბალერინების სიზმარეულ ეიფორიას გარშემო დაყვება ოქროსფერ ორნამენტებიანი რკალი, რომელიც თითქოს იმ პატარ-პატარა წერტილების ასოციაციას ტოვებს, რომელიც ჰაერში მუდმივად ტრიალებს და გარშემო გვახვევია. როგორ დახატე ეს ოქროსფერი ორნამენტები? მას ამობურცული ეფექტი აქვს?

ამ ეფექტის შესაქმენლად აკრილის საღებავი გამოვიყენე, რომელიც სხვა საღებავის წვეტიანი ცხვირის მქონე ჭურჭლით დავიტანე ნახატზე. როცა ვნახე, რომ მომცა რელიეფი, გაჩერდა და გახმა და გაშრობის შემდეგ ფორმა არ დაკარგა, ძალიან მომეწონა. და სწორად შენიშნე, რომ ამ ხუთ ბალერინას აერთიანებს მათ გარშემო არსებული ეს წვრილ-წვრილი წერტილებისაგან შემდგარი ჰაერის სივრცე, ის რაც ჩვენს გარშემო არის. ამასთან ის მათი ერთგვარი გამაერთიენებელია.

შენი აზრით რამ, ან ვინ მოახდინალი შენზე, როგორც ფერმწერზე გავლენა. ანუ ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ბიძგი მოგცა. შესაძლოა ეს იყო ტილო, მხატვარი, ან უბრალოდ სამყაროში არსებული ადამიანი, რომელიც იყო, ან დღესაც არის, შეგხვდა ამ ცხოვრებაში და მოგცა ბიძგი?

ძალიან დიდ ბიძგი იყო ჩემთვის მამაჩემი, რადგან მამა იყო თვითნასწავლი მხატვარი, ძალიან ნიჭიერი. თუმცა, არა მარტო ის, დედაც, რადგაც ჩემი მშობლები ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ, არაფერს მაკლებდნენ, რათა მე მეხატა. ყოველთვის გვერდში მედგნენ. და ის, რაც მე ვარ დღეს არის 100%-ით ჩემი ოჯახის დამსახურება. გარდა ამისა, ვთვლი, რომ მხატვრობაშიც მამაჩემის დიდი გავლენა მაქვს, იმის მიუხედავად, რომ მამაჩემს თავისებული ტექნიკა ჰქონდა, რომელიც თავად შექმნა. ამ ტექნიკას ჰქვია ცივი ემალი. საღებავებს თავად აკეთებდა სახელოსნოში, რომელსაც მაღალი ქიმიური შემცველობა აქვს და რესპირატორის გარეშე სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. სურათის კონტურები იყო გაკეთებული მავთულით, რომელიც ძალიან რთული და საწვალებელია. მიუხედავად ამისა წლობით იჯდა და ერთი და იმავე ნახატზე მუშაობდა. მამაჩემის მსგავსი შრომატევადი ნამუშევრები მე არასოდეს შემიქმნია და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ვერასოდეს ვერ შევქმნი. ასე რომ მამის გავლენა ერთმნიშვნელოვანია ჩემზე.

558037_4438505805601_1613382954_n

ტილოს დამუშავების შენებური, რაიმე სპეციფიკური ხერხი თუ გაქვს? ანუ, იქამდე, სანამ ხატვას დაიწყებდე რაიმე განსაკუთრებულ ხერხს თუ მიმართავ ტილოს დასაუშავებლად?

ტილოს სპეციფიკურად არ ვამუშავებ, მაგრამ ჩემი ხატვის სტილიდან გამომდინარე მიყვარს, როცა ტილო ჩემი გადაჭიმულია. არ ვყიდულობ უკვე გადაჭიმულს და დაგრუნტულს. მყავს ჩემი ქვეჩარჩოს ხელოსანი, რომელსაც ვამზადებინებ ჩარჩოს როგორიც მჭირდება. სხვადასხვა ფაქტურის ტილოს, (მაგ. სქელი ფაქტურის, ხაოიანი) ვიძენ ლილოში. შემდეგ მე თვითონ ვგრუნტავ. გრუნტს ხშირ შემთხვევაში მე თვითონ ვამზადებ: ან ჟელატინს ვამზადებ და იმით ვგრუნტავ, ან  ვიყენებ  წყალში გახსნილ პევეას, ან უკვე გამზადებულს ვყიდულობ, ან ვგრუნტავ მორჩენილი საღებავით. დადებული საღებავი შრება და შემდეგ უკეთესად ედება ფერი. ხანდახან ვყიდულობ გამზადებულ, თეთრი ფერის გრუნტს და იმას ვადებ ტილოს.  აქტიურად ვიყენებ ზეთის დაძველების ტექნიკასაც. ჩვეულებრივ საკვებ ზეთს ათავსებთ ჭურჭელში, უმატებთ შავ პურს და დებთ მზეზე. დაახლოებით 1წლის შემდეგ ზეთი თეთრდება და საღებავთან შეერთებისას ფერს უფრო ბზინვარეს ხდის. ამტექნოლოგიით სურათი ისე შრება, რომ ბოლოში ლაქის გადასმაც აღარ სჭირდება.
3 ლიტრიანი ზეთის ქილა უკვე 2 წელია მიდევს აივანზე.

პეიზაჟი

პეიზაჟი

შენ მითხარი, რომ შენზე, როგორც ფერმწერზე, გავლენა მამამ იქონია. სტილის ჩამოყალიბებაზე ვინ იქონია გავლენა?

სტილზე გავლენა უფრო პედაგოგებმა იქონიეს. მაგალითად ნიკოლაძეში სწავლისას გვყავდა ერთი პედაგოგი, თემურ ჩხუტიშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს და მსურს თქვენი საშუალებით დიდი მადლობა გადავუხადო მას ჩემთვის სწორი მიმართულების შერჩევისათვის. ძალიან მომთხოვნი იყო და დღეში გვაკეთებინებდა დაახლოებით 50 ჩანახატს, რაც საკმაოდ შრომატევადია. საღამოს დავჯდებოდი ხოლმე და ვაკეთებდი ჩანახატებს, ოღონდ ვხატავდი ყველაფერს. ბატონმა თემურმა ძალიან დიდი შრომა ჩადო ჩვენს ჯგუფში. ხანდახან იყო, რომ მიმქონდა 30 ჩანახატი და მაშინვე დედას ურეკავდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ესეც ერთგავრი გამოწვრთვნა იყო, რადგან ახლა ვხვდები, რომ როგორც მუსიკოსი ვერ განვითარდება გამების დაკვრის გარეშე, ისე არის მხატვარიც- ჩანახატის გარეშე არ შეიძლება. გარდა ბნ. თემურისა, ნიკოლაძეშიც იყვნენ პედაგოგები, რომლებმაც გავლენა იქონიეს. მაგ: ბნ. რომა ცუხიშვილი, ხოლო აკადემიიდან ქნ. ლორეტა აბაშიძე-შენგელია, რომელიც არაჩვეულებრივი მხატვარია და ნაწილობრივ მანაც იქონია ჩემს სტილზე გავლენა.

1236827_10202900056007245_7971679363828340272_n

გყავს საყვარელი მხატვარი , ან რომელია შენი საყვარელი ტილო. რითია ის შენთვის გამორჩეული?

ვერ ვიტყვი რომ მყავს ერთი საყვარელი მხატვარი. ბევრი მხატავრია რომელიც მიყვარს. მაგალითად ძალიან მიყვარს იმპრესიონისტები, მიყვარს რენესანსის პერიოდის მხატვრები.

რომელიმეს ხომ არ გამოყოფ?

მიქელანჯელოზე ვგიჟდები. პირველად რომ ვნახე შოკში ვიყავი. მსურდა ძირს დავწოლილიყავი და სულ ზევით მეყურა ნახევარი საათი მაინც, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი ხალხი იყო. გამორჩეულად მიყვარს პოსტიმპრესიონისტებიც. მათგან ჩემთვის განსაკუთრებულია ვანგოგი. მაგრამ ვერ გეტყვი რომ გამორჩეულად რომელიმე ტილო მიყვარდეს.

601955_4614390202601_785912717_n

შენი აზრით, რის გამო არიან ის მხატვრები, რომლებიც გიყვარს, შენთვის განსაკუთრებულები. თუნდაც ისინი რომ ავიღოთ, რომლებიც გამოყავი: ვანგოგი, ან მიქელანჯლო. რა არის ის, რაც მათი გამოყოფის მიზეზს გაძლევს. რით არიან ისინი შენთვის განსაკუთრებულები.

ჩემთვსი ისინი ძალიან ექსპრესიულები არიან. გამოხატავენ იმას, რისი ნახვაც და რისი გაგებაც მე მინდა. არ ვიცი ეს სულიერი სიახლოვეა, თუ სხვაგვარი, მაგრამ ისინი ჩემთან ახლოს არიან. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრები მათ ეპოქაში. ხშირად მიფიქრია და მიოცნებია, რომ ნეტა მეცხოვრა მათ პერიოდში და შემძლებოდა მათი მუშაობის პროცესში ნახვა. იმის მიუხედავად, რომ დღეს ცნობილია მათი მუშაობის ტექნოლოგიების შესახებ,  კიდევ ბერვი რამეა, რაც იმალება, რისი დადგენაც შეუძლებელია და ამას დიდ სიამოვნებით ვნახავდი.

არის, თუ არა შენთვის რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნა საჭირო, იმისათვის, რომ ხატო?

კი, არის. გარემო – სახლში არავინ არ უნდა იყოს. არ უნდა მაწუხებდნენ ყოველდღიური კითხვებით. და კიდევ, ხატვისას არ უნდა მიყურებდნენ, რადგან ამ დროს შეიძლება ფუნჯი დავდო და გავიდე გვერძე ოთახში, იმიტომ, რომ ასეთ დროს რაღაცნაირად ვიბნევი. მიყვარს, როცა არის სიმშვიდე, სიჩუმე, არის ჩართული ფონური მუსიკა და ვარ მარტო მე, ჩემი საღებავები და ტილო. სულ ესაა.

რა მუსიკას უსმენ ხატვისას?

სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენ, თუმცა ხშირად მაქვს რომ ავიკვიატებ ხოლმე რომელიმე შემსრულებელს და სულ იმას ვუსმენ. ან სიმღერების ნაკრებს.  მაგალითად ბალერინებისა და იმ მეორე ნამუშევრის  ხატვისას დღის მანძილზე 9-ჯერ ვატრიალებდი Red Hot Chili Peppers. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმხელა ენერგიას მაძლევდა და ისეთ ხასიათზე მოვყავდი, რომ ეტყობა ეს მიმართულება ჩემთან უფრო ახლოსაა.

ანუ, ნახატზე, ან განწყობაზეა დამოკიდებული რა ჟანრს უსმენ, თუ ერთ ნახატზე მუშაობისას ერთ კონკრეტულ შემსრულებელს უსმენ ხოლმე?

არა, ერთ კონკრეტულ შემსრულებელს არ ვუსმენ. ხდება ხოლმე, რომ Youtube-ის რომელიღაცა კარგი სიმღერების ნაკრებს წავაწყდები და მუდმივად ვატრიალებ და ეს მსიამოვნებს. არის ხოლმე ხანდახან, რომ აჯობებს გაჩუმდეს. იმ წუთის განწყობაზეა დამოკიდებული.

ცხვირში_თითი_ტაკიების ოჯახი  ლინოგრავიურა/ 100x70 სმ.

ცხვირში_თითი_ტაკიების ოჯახი
ლინოგრავიურა/ 100×70 სმ.

გარდა ხატვისა, კიდევ რისი კეთება გაბედნიერებს?

ბევრი რაღაც მაბედნიერებს. მაგალითად ძალიან მიყვარს ბუნება, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, ძალიან მიყვარს სპორტი და დავდივარ ბასეინზე. მიყვარს აზარტული თამაშები. აგრეთვე მიყვარს ჭადრაკი. მაქვს დამთავრებული საჭადრაკო სკოლა და წარსულში საკმაოდ აქტიურად ვთამაშობდი. მიყვარს სხვადასხვა სამაგიდო თამაშები. მეგობრებთან  ერთად დროის გატარების სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია. საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვხოვრობ და ეს ძალიან მომწონს.

რაიმე ტრადიცია თუ გაქვს, ჩვევა ან რიტუალი, რომელსაც ხატვის დაწყებამდე, ან პროცესში ასრულებ?

კი არის ასეთი რაღაც, არ ვიცი გამოაქვეყნებთ თუა არა, მაგრამ ძალიან მიყვარს ღვინო. ხანდახან არის ხოლმე, რომ გჭირდება რაღაც, იმისათვის რომ გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ხარ საბოლოო შედეგი კარგი იქნება, არის ხოლმე მომენტი, როდესაც ტილოსთან მისვლის გეშინია. ხანდახან არის ხოლმე რაღაც კომპლექსები , რასაც ერთი ჭიქა ღვინო თავისუფლად შველის. ამის შემდეგ თამამდები და გგონია, რომ ყველაფერი გამოგივა.

ანუ შესაძლოა მარტო დარჩენისას კომპლექსები ტილოსთანაც გქონდეს?

კი, შესაძლებელია. როგორც ნახატთან, ტილოსთან, აგრეთვე სერიოზული კომპლექსი მქონდა ლითოგრაფიის ქვასთან მუშაობისასაც. ნახატი შეგიძლია სურვილისამებრ გადააკეთ-გადმოაკეთო, მითუმეტეს, რომ ზეთი გაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ არა ქვა. ქვის გახეხვა, სარებავის მოშორება და ა.შ. ძალიან დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში არც შეიძლება, იმიტომ, რომ მასალა ფუჭდება ამ დროს. და ის, რომ ქვა არ გაძლევს ვარირების საშუალებას, ეს ცოტა გაკომპლექსებს. ამიტომაც იყო ალბათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 4 წელი ვსწავლობდი დაზგურ გრაფიკაზე, ქვასთან სულ რამოდენიმეჯერ მქონდა შეხება.

Violet 60x180cm Mixed technique on Canvas Tbilisi 2014

Violet
60x180cm
Mixed technique on Canvas
Tbilisi 2014

რა შეიძლება  გახდეს შენი ინსპირაციის წყარო ხატვისას?

შესაძლოა ცუდად ჟღერდეს, მაგრამ მე პრობლემები მაძლევს ინსპირაციას. მაშინ, როცა ხარ ბედნიერი და არაფერი არ გაწუხებს, უბრალოდ ხარ კომფორტში შენს თავდათან და არაფრის შეცვალა არ გინდა, ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როცა კარგად ხარ, და ხარ. ამ დროს არაფრის შექმნა არ  მინდება. როდესაც პრობლემა მაქვს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირადული იქნება, თუ  ცხოვრებისეული, მაშინ მიჩნდება რაღაცის დამტკიცების და შექმნის სურვილი, რაღაცის გაპროტესტების, შეწინააღმდეგების. შესაძლოა სხვას ამით არავის არაფერს ვუმტკიცებდე, მაგრამ ჩემს თავს ვუმტკიცებ და ერთგვარად ვაძლიერებ ამით. და, შესაბამისად ხატვის პროცესიც განსხვავებული ხდება. ტილოც სხვანაირად ემოციური და ექსპრესიული გამოდის ამ დროს.

ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და უღრმესი მადლობა გულწრფელობისთვის.

პირიქით, დიდი მადლობა თქვენ.

წყარო: ინტერვიუს ჩაწერილია სპეციალურად ჟურნალ What I See-სთვის.

ფოტო მასალის წყარო :

https://www.facebook.com/nincho.khurtsilava

http://cbw.ge/georgia/georgian-artists-paintings-are-displayed-in-telegraph-and-vogue-magazine/

Leave a Reply