მაყვალა ონოფრიშვილმა ფოტოების გადაღება ფოტოგრაფი შვილიშვილის თხოვნით დაიწყო 83 წლის ასაკში. დათო ქორიძემ ბებოს კოდაკის ფირის კამერა (ე.წ. “სასაპნე”) და შავ-თეთრი ფირი დასასვენებლად წასვლის წინ მისცა და თხოვა გადაეღო ყველაფერი, რასაც წაღვერში, თავის დასთან ერთად ყოფნისას მნიშვნელოვნად ჩათვლიდა.

თოვლიანი პეიზაჟები, დიასახლისის ყოველდღიური რუტინა, სოფლის ხედები  – სწორედ ეს არის, რამაც დამწყები ფოტოგრაფის ყურადღება მიიქცია.

მნიშვნელოვანია თავად დრამატული ამბავი, რომელიც კადრებს მიღმაა დარჩენილი და დების პირადი ისტორიაა:

მათ საკმაოდ დიდხანს ერთმანეთის გარეშე უწევდათ ცხოვრება მშობლების დაშორების შემდეგ. მამამ ცოლთან განქორწინების შემდეგ უმცროსი ქალიშვილი თან წაიყვანა და მას დედისგან შორს, ახალი პარტნიორის ოჯახში ზრდიდა. გოგონა დედასთან უფროსმა დამ, მაყვალამ დააბრუნა წლების შემდეგ, რომელიც მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც და ოჯახისგან ცალკე ცხოვრობდა, ღამ-ღამობით მატარებლით აკითხავდა წაღვერში დალის და ნელ-ნელა უყვებოდა დედის შესახებ ამბებს. მატარებლითვე ჩამოვიდა წლების შემდეგ დალი დედასთან ზამთრის ღამეს და მას შემდეგ მამის ოჯახში აღარ დაბრუნებულა მანამ, სანამ ბედმა კიდევ ერთხელ არ დააკავშირა იმ ადგილთან. დალის სიყვარულიც, ისევე როგორც მათი მამის მეორე ცოლი წაღვერში ცხოვრობდა. მეორედ და ხანგრძლივად უკვე თავისი გადაწყვეტილებით და საკუთარი ოჯახის შესაქმნელად გადასახლდა. უფროსი და წელიწადში ორჯერ ისევ ჩადის დალისთან, თუმცა ამბები, რომლებსაც ახლა, უკვე ხანშიშესული დები ერთმანეთს უყვებიან, განსხვავებულია. დედა და მამა გარდაიცვალნენ, შვილები და შვილიშვილები ყავთ, ახლობლებს და საერთო ნაცნობებს იხსენებენ და ასე გადის დღეები.

12456789101112

Leave a Reply