“ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს – იმისთვის, რომ მოჰყვე.”

გაბრიელ გარსია მარკესი “იცხოვრო, რომ მოჰყვე”

მე მიყვარს ამბების მოყოლა. უფრო ძალიან მიყვარს, როდესაც სხვები მიყვებიან. ალბათ ამან განაპირობა ჩემი დიდი სიყვარული “ყველა დროის ყველაზე დიდი კოლუმბიელის” – გაბრიელ გარსია მარკესის მიმართ.

თავისი საოცარი თხრობის სტილით, უცნაური იუმორით, მარტოობის თემატიკით, მისტიური ადგილებით, მარკესმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას, რომელსაც “მაგიურ რეალიზმს” უწოდებენ.

ბევრი დაწერილა და კიდევ უფრო ბევრი დაიწერება მარკესზე და მის შემოქმედებაზე.

რთულია ისაუბრო მასზე და შეუძლებელია, სხვებს არ გაუზიარო მისი ნაწარმოებების წაკითხვით გამოწვეული ემოციები.

1967 წელს გამოსულმა მისმა რომანმა “მარტოობის ასი წელი”, მწერალს მსოფლიო აღიარება, ნობელი და უამრავი სხვა პრემია მოუტანა. პერუელმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსამ მარკესის ეს რომანი “ლიტერატურულ მიწისძვრად” შერაცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ “მარტოობის ასი წელი” არ იყო გაბოს დებიუტი და არც მისი გამოსვლის შემდეგ შეუწყვეტია წერა. ის იყო ჟურნალისტი და ხშირ შემთხვევაში მისი ნაწარმოებები რეალურ ამბებზეა დაფუძნებული.

გამომცემლობა “ინტელექტმა” ბოლო წლების განმავლობაში მარკესის 8 წიგნი თარგმნა და გამოსცა, რაც უდიდესი საჩუქარი არა მარტო მათთვის ვისაც მარკესი გვიყვარს, არამედ მათთვისაც, ვისაც უყვარს კარგი მთხრობელები.

ფოთოლცვენა

“ფოთოლცვენა” მარკესის პირველი ნოველაა.

ეს არის ამბავი ოჯახზე, რომელიც სოფლის ადათ-წესების წინააღმდეგ წავიდა. ოჯახის წევრების თვალით დანახული ცხოვრებისეული სისასტიკეები და სირთულეები. ისევე როგორც მარკესის შედგომ ნაწარმოებებში, “ფოთოლცვენაც” შეიცავს ავტობიოგრაფიულ მომენტებს და სიუჟეტი აქაც მაკონდოში ვითარდება.

საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი ანუ ათი დღე ზვიგენების პირისპირ

დიდი ხნის განმავლობაში გაბო ჟურნალისტად მუშაობდა სხვადასხვა გამოცემებში. El Espectador-ისთვის ახალი ამბების სტილში დაწერილი სტატიები, რომლებშიც მან გამოააშკარავა დამალული ამბავი კოლუმბიის ფლოტის ჩაძირული ხომალდის შესახებ, ეკიპაჟის ერთადერთი გადარჩენილი წევრის ნაამბობს ეფუძნება.  სტატიების გამოქვეყნებას სახალხო დაპირისპირება მოჰყვა, ვინაიდან მას ეჭვი შეჰქონდა ამ მოვლენასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც გემის ჩაძირვის მიზეზი შტორმი გახდა, თუმცა სინამდვილეში მისი ჩაძირვა გემბანზე არსებული კონტრაბანდის დიდმა წონამ გამოიწვია.

ერთი ტყვეობის ამბავი

როგორც უკვე აღვნიშნე მარკესი არ წერს მხოლოდ მხატვრულ ლიტერტურას. ხშირ შემთხვევაში მისი ნაწარმოებები რეალურ მოვნელებზეა დაფუძნებული და დოკუმენტალისტურია.

“ერთი ტყვეობის ამბავი” 1990-იანი წლებში ნარკოდაჯგუფების მიერ კოლუმბიელი ჟურნალისტი ქალის, მარუხა პაჩონის გატაცების რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობითაა გადაღებული “ნეტფლიქსის” გახმაურებულის სერიალის “ნარკობარონის” რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ცხოვრებას ეფუძნება.

ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი

პინოჩეტის სამხედრო დიქტატურას გამოქცეულმა და სამშობლოში დაბრუნების უფლებაწართმეულმა კინორეჟისორმა მიგელ ლიტინმა თავის შვილებს აღუთქვა, რომ სისხლიანი რეჟიმის ავტორს – პინოჩეტის – შვიდიათას მეტრიან ვირის კუდს გამოაბამდა.

რეჟისორმა სიტყვა შეასრულა – ჩილეში არალეგალურად შეიპარა და 12-წლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ, შვიდიათას მეტრიან ფირზე აღბეჭდა ქვეყნის სასტიკი რეალობა.

სიყვარული ჟამიანობის დროს

არ მახსენდება იმაზე თავგანწირული, ხანგრძლივი, მანიაკალური სიყვარული, როგორიც ფლორენტინოს შეუძლია.

ეს არის მარკესის სრულიად განსხვავებული, ფერადი და ვნებით სავსე წიგნი, ლათინური ამერიკის მთელი ხიბლით, მარკესის ჩვეული სატირით და მაგიით,  რომელიც არ ჰგავს არც მის წინა და არც შემდგომ ნამუშევრებს. მას შეუძლია ისე გარდაისახოს, ისეთი ისტორიები მოყვეს, რომ მკითხველს თავბრუ დაახვიოს.

თურმე შეიძლება გიყვარდეს ნახევარ საუკუნეზე მეტხანს, გიყვარდეს და იკარგებოდეს ზღვარი რეალობასა და პოეზიას შორის.

პოლკოვნიკს არავინ სწერს

ამ პატარა, მაგრამ უამრავი თემით, პრობლემით დამუხტულ წიგნში სულისშემხუთველი ატმოსფერო იქმნება, სადაც საკუთარი სიკვდილით გარდაცვალებაც კი დიდი იშვიათობა გამხდარა. აქ, ისევე როგორც სამყაროს უმრავლეს ადგილას, ფული ურთიერთობის მთავარი საზომია, ასეთ გარემოში კი აღარავინ ფიქრობს ძველ მეომრებზე, ერთგულ ჯარისკაცებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სახელმწიფო.

და აღარავინ სწერს მოხუც პოლკოვნიკს, რომელიც ღირსეულად ელოდება თავის წილ ჯილდოს და დაფასებას.

ასეთ დროს იქცევა საწოლის ფეხზე მიბმული მოჩხუბარი მამალი პოლკოვნიკის ალტერ-ეგოდ, წიგნის მთავარი პერსონაჟად და ადამიანის მუდმივ ოცნებად ღირსებასა და უძლეველობაზე.

გენერალი თავის ლაბირინთში

სახელოვანმა გენერალმა და პრეზიდენტმა, რომელიც თავისი მმართველობის მანძილზე სათავეში ედგა 20-წლიან ომებს სამშობლოს ერთინობისა და თავისუფლებისათვის, რომელმაც დაამხო ესპანელთა ბატონობა იმპერიაში, – გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა არამხოლოდ თანამდებობა, არამედ ქვეყანაც.

ეს ბოლომდე დაუჯერებელი ამბავი მისი ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.

გაბრიელ გარსია მარკესის ეს წიგნი იმ მმართველის ხვედრზე მოგითხრობთ,  რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სიმართლეში, გადაწყვეტილებათა და ჩადენილი ქმედებების სიზუსტეშია დარწმუნებული მაშინ, როცა ქვეყანაში მის წინააღმდეგ შეთქმულება ამბოხებებს ენაცვლება.

12 მოხეტიალე მოთხრობა

თუ არ გიყვარს სქელტანიანი წიგნების კითხვა, ეს წიგნი სწორედ შენვისაა.

12 დამოუკიდებელი მოთხრობა ლათინოამერიკელ ემიგრანტებზე, მათ თავგადასავლებზე, მელანქოლიაზე, მეტ-ნაკლები დოზით გაზიარებთ მარკესის სიდიადესთან.

ამ კრებულში შესული მოთხრობები სხვადასხვა დროსა და ადგილზეა დაწერილი, თუმცა მათ ერთი საერთო ხაზი აერთიანებთ.

იცხოვრო, რომ მოჰყვე

წიგნი, რომელიც 2002 წელს გამოვიდანაკლებადაა მხატვრული ნაწარმოები. ეს უფრო მარკესის მემუარებია, სადაც მწერალი მის დაუვიწყარ წიგნებში დაბინავებული პერსონაჟების შორეულ აჩრდილებზე გვესაუბრება.

“იცხოვრო, რომ მოჰყვე” დიდი მწერლის შემოქმედების გზამკვლევია. უფრო მეტიც, სავალდებულო საკითხავი კაცობრიობის იმ მშვენიერი ნაწილისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ „დიდი წიგნები მხოლოდ ქაღალდზე არ იწერება, დიდ წიგნებს ცხოვრება წერს და თითქმის ყოველთვის მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით“

Leave a Reply