,,მაღლა, ჰაერში გამოკიდებულ ბორბალში,
მეორე ბორბალი მოუთავსებიათ,პატარა ბორბალს ბედისწერა ატრიალებს,
დიდს – ღვთის მადლი.’’
ასე აღნიშნა დიდმა წინასწარმეტყველმა ეიზეკელმა თავისი გამოცხადება, საუკუნეების წინ. დღეს კი, სახელგანთქმული არტისტი, ცნობილი, როგორც ,,სოულის დიდი ქურუმი’’, გვიმხელს, რომ ფეხმძიმობისას დედამისმა ზუსტად იცოდა – ამქვეყნად ,,განსაკუთრებულ ვინმეს’’ მოავლენდა.
 
მომღერალი დიდი სიფრთხილით იხსენებს დედის სიტყვებს – ,,ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ცხრა თვე იყო. სხვა განზომილებაში ვიყავი. ამ სამყაროს ნამდვილად არ ვეკუთვნოდი. შენი სახელიც კი ვიცოდი, წინასწარ.’’
,,მაღლა, ჰაერში გამოკიდებულ ბორბალში, მეორე ბორბალი მოუთავსებიათ, პატარა ბორბალს ბედისწერა ატრიალებს…’’
 
ახლა იგი თავის კომფორტულ სახლშია. ნიუ-იორკის გარეუბანში. თავისი დახვეწილი ხმით საუბრობს, მისი ხელები კი ჰაერში მკვეთრი ჟესტიკულაციით მოძრაობენ.
 
მის ერთგულ და მხურვალე გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ ნინა სიმონს ორი მხარე აქვს. მასში ერთდროულად ცხოვრობს მშვიდი, აუღელვებელი პიროვნება და ადამიანი, რომელსაც ყველანი ვიცნობთ, როგორც – ,,დიად ქურუმს.’’ როდესაც იგი ღამის კლუბში ან საკონცერტო დარბაზში უკრავს, მისი ზურგი და მხრები ლათინურ G-ს ხაზავს. იგივე გრძელი მხრები ახლა ჩემ წინ, შუადღის ჩრდილებში მოძრაობენ. ეს ხელები პიანინოს ხისა და სპილოს ძვლის ღილაკებში თავით ეშვებიან, რათა მსმენელის ნერვულ დაბოლოებებს ჩაწვდნენ, რათა მათით მანიპულირება შეძლონ. მსმენელის რეაქცია ყოველთვის მყისიერი და ავტომატურია. ნინა სიმონი უკრავს და მისი მსნელი მოჯადოვებულია, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, რენდელს აილენდის 20, 000 კაციან თუ ნიუ-იორკ სითის ვილიჯ გეითსის 500 კაციან დარბაზში. მაყურებლის წინაშე წარდგენის შემდეგ, ნინა რევერანსით მიკროფონს უახლოვდება და დარბაზი მისი ღრმა, მელანქოლიური ხმით იჟღინთება :
 
ჩემი კანი შავია, მხრები კი გრძელი.
ჩემი თმა ხშირია, ზურგი კი ძლიერი.
იმდენად ძლიერი, რომ ტკივილს გაუძლოს.
ერთდროულად ბევრი დარტყმა აიტანოს.
იცით, ისინი რას მეძახიან?
ისინი მე დეიდა სარას მეძახიან.
ჩემი კანი ყვითელია, თმა კი ძლიერი.
მე ორ სამყაროს ვეკუთვნი.
მამაჩემი იყო თეთრკანიანი და მდიდარი.
გვიან ღამით, მან დედაჩემზე ძალა იხმარა.
იცით, ისინი რას მეძახიან?
ისინი მე ,,საფრონიას’’ მეძახიან.
ჩემი სახელია ,,საფრონია.’’
ჩემი კანი წაბლისფერია, ჩემი თმა მშვენიერია.
ჩემი თეძოები თავისკენ გეპატიჟებიან,ჩემი ტუჩებს ღვინის გემო აქვთ.
იცით, ვისი პატარა გოგონა შემიძლია ვიყო?
ყველასი, ვისაც ფული აქვს, რომ მიყიდოს.
იცით, ისინი რას მეძახიან?
ისინი მე ,,ტკბილ გასართობს’’ მეძახიან.
ჩემი კანი ყავისფერია, მანერები უხეშია.
მე მოვკლავ პირველივე დედას, რომელიც გზად გადამეყრება.
მე რთული ცხოვრება გამოვიარე.
მე ომ გამოვლილი ვარ.
იმიტომ, რომ ჩემი მშობლები მონები იყვნენ.
იცით, ისინი რას მეძახიან?
ისინი მე შთამბეჭდავს მეძახიან.
,,მართლა ასეთ შთამბეჭდავი ხართ?’’ – ვეკითხები.
 
 
,,მე ყოველ დღე, სამი საათიდან ვუკრავ ბლუზს, ხოლო თორმეტის შემდეგ კონცერტებს ვმართავ სავსე აუდიტორიის წინაშე.’’
 
 
მან სწავლა შვიდი წლიდან დაიწყო და თორმეტი წლისამ მუსიკა ცხოვრების გზად აირჩია.
 
 
,,იყო ერთი თეთრკანიანი ქალი, რომელსაც ჰქონდა ფული. მას ჩემ შესახებ ბევრი სმენოდა. იყო მეორე თეთრკანინი ქალი, მუსიკის მასწავლებელი. ისინი გაერთიანდნენ და დაუღალავად მუშაობნენ ჩემთან ერთად.’’ ნინა ჩერდება და ოდნავ შესამჩნევად იღიმის. ,,და ჩემზეც იმუშავეს.’’
 
 
ამ ქალის ფიზიკური სილამაზე ირიბად გამოსჭვივის მისი სხეულის ყველა დეტალიდან. ეს დეტალები ნამდვილად იმსახურებენ დროს, რომელსაც მათი გააზრება მოითხოვს. ნინას თვალები გაოცებენ, მათში მოულოდნელად ანთებული ცეცხლით, შემდეგ კი ეს ცეცხლი მფრთხალად იმალება. მისი დიდი, მგრძნობიარე ტუჩები დუნდება, ვიდრე მათ ღიმილი გააპობდეს, მომდევნო წუთში კი იგი სიბრაზისგან იკუმება. მისი მასიური სახის ნაკვთებს, ფერი აფრიკული ნიღბებისგან აქვთ ნასესხები. ცალ-ცალკე, ყველა ეს დეტალი მოწონებას იმსახურებს, თუმცა ერთიანობაში ისინი ქმნიან რაღაც ისეთს, რაც ერთდროულად უცნაურიცაა და მომნუსხველიც.
ნინა სიმონი წარმოადგენს ადამიანს, რომელიც სამუდამო მუსიკალურ გამოცანად დარჩება. მისი პიროვნება გიგანტურ ურთიერთდაპირისპირებათა ნაზავია. ისაა ვირტუოზი, რომელიც იყენებს თავის გამოცდილებას, რათა საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გამოძერწოს. მისმა საქმიანობამ მისცა საშუალება განეცადა, როგორც დიდი ტკივილი, ასევე დიდი ბედნიერება, ამიტომაც, პირად ურთიერთობებში იგი განსაცვიფრებელ ემპათიას ავლენს. თუმცა, ბევრი შეცდომით თვლის, რომ იგი ასოციალური, ჩაკეტილი ადამიანია.
 
 
ნინას შეუძლია ბნელ სცენაზე გავიდეს და მსმენელი დამაბრმავებელი სიკაშკაშის სხივებით აავსოს. მას ასევე შეუძლია უარყოს თავისი მსმენელი. უარყოს მათი არსებობა. უარყოს მათი ლოიალობა. უარყოს მათი ერთგულება.
რამ შეუწყო ხელი მას? რამ ჩამოაყალიბა ასე მკვეთრად განსხვავებული ორი ბუნება?
 
 
,,ამერიკა!’’
 
 
ნინა ამბობს, რომ მისი ხმა საუკუნოვანმა ჩაგვრამ ჩამოაყალიბა, იგი გადადებული ოცნებების საფლავებზე აღმოცენდა.
 
 
,,ამერიკა თავადაა ყველაზე დიდი ურთიერთდაპირისპირება.’’ ნინას ძლიერი თითები ჰაერში შავ ორნამენტებს ქსოვს, საუბრობს რა იგი ისტორიაზე, შავ ისტორიაზე, სიცოცხლეებზე, რომლებიც მისთვის ასე მნიშვნელოვანია და რომლებიც კვლავაც საჭიროებენ ბრძოლას, რამეთუ წარსული მომავლის ჯერ კიდევ ცოცხალ მშობლად გვევლინება.
 
 
არავის ძალუძს მისი მომაჯადოვებელი ხმის ჩახშობა. ამ ხმამ მილიონობით ადამიანს ჩასჩურჩულა – ,,სიყვარული’’ და მილიონობითვე ადამიანის გულში ჩაჰყვირა – ,,რევოლუცია.’’
კი მაგრამ, რა დაგემართათ, მის სიმონ? მაინტერესებს, რა დაემართა თქვენს დიდრონ თვალებს, რომლებიც ასე უხერხულად ცდილობენ ვუალის ქვეშ მარტოობის სევდის დამალვას? რა დაემართა თქვენს ხმას, რომელსაც სინაზე სულ არ შერჩენია, თუმცა კი კვლავაც ჟღერს, რათა დაამტკიცოს, რომ სიცოცხლისთვის ჯერ კიდევ ღირს ბრძოლა? რა დაგემართათ, მის სიმონ?
,,მე სამ საათზე ბლუზს ვუკრავდი.’’
 
 
დამღლელ მუსიკალურ გაკვეთილებზე, პატარა გოგონას თითები პიანინოს ღილაკებზე დაძაბულად მოძრაობენ, მაღლა და დაბლა, ცდილობენ რვა ნოტიან აკორდს შეეხონ. ,,დედაჩემს ეს არ მოსწონდა. მაგრამ, როცა დედა სახლში არ იყო, მამაჩემი უფლებას მაძლევდა იმდენი დამეკრა, რამდენიც მომინდებოდა. შემდეგ მეუბნებოდა: მალე დედაშენი მოვა, ჯობია მალე დაამთავრო.’’ როცა ამას იხსენებს თვალები სიხარულით ევსება, სახეზე კი ცელქი ღიმილი ეფინება.
 
 
,,ჩემი ბავშვობის გასართობი შიშთან იყო შეკავშირებული. ეკლესიაში, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი, მუსიკა და სიხარული იღვრებოდა. სიხარული თითქოს პატრა ბავშვივით დარბოდა ირგვლივ. მუსიკა კი იყო ყველგან – წყალში, რომელსაც ვსვამდით, პურში, რომელსაც ვჭამდით. მრევლი ისე ეგებებოდა უფალს, თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობარს ხვდებოდნენ.
 
 
მაგრამ მე გარიყული ვიყავი. საერთო მხიარულებაში ჩართული, მაინც გარიყული ვრჩებოდი. მაშინ, როცა დედა შეპყრობილივით ესაუბრებოდა ღმერთს. მაშინაც, როცა იგი გაჩუმდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი გაჩუმდა და განმარტოვდა. მაშინ პირველად შემეშინდა, რომ ყველაფერი რაც ასეთ ბედნიერებას მანიჭებდა, ერთ დღესაც სრული მარტოობისთვის გამწირავდა.’
’იქვე მოთავსებული, მეტალის ჩარჩოდან ნინას დედის – მისის ვეიმონის ბრძენი, გამჭოლი მზერა შემოგვცქერის.
 
 
,,აი, ეს არის დედაჩემი ხალხო. ესაა ის ქალი. დიდი ქალი.’’ ამბობს იგი სიამაყით. ,,მე მქონდა პიანინო, მყავდა მშობლები, მქონდა ეკლესია, მყავდა ჩემი ხალხი. აჟიტირებული ვიყავი რელიგიით. მქონდა ბედნიერება.’’
ბოლო სიტყვები ისეთი სიმარტივით წარმოითქვა რომ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ხმა, მარტივად შეიძლება ყოველი მეორე გამვლელის ხმაში აგრეოდათ.
,,როცა შვიდის გავხდი, სწავლა დავიწყე. ამისთვის მზად არ ვიყავი. არ ვიცოდი, რომ ორ სამყაროს შორის მომიწევდა მოგზაურობა. ორ ქალაქს შორის. ორ კულტურას შორის. ორ აზროვნების წესს შორის. ყოველ კვირა, შავი ქალაქიდან, მისი მარტივი რიტმებიდან, მისი მომღიმარი, ნაცნობი სახეებიდან, მისი ღირსშესანიშნაობებიდან და სურნელებიდან, მეზობლად მყოფ, მჭიდრო ქალაქში გადავდიოდი, რომლისაც ძალიან მეშინოდა. ჩემი მუსიკის მასწავლებლის მანერებმა, მისმა ღირებულებებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს. მე ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან დიდი ტვირთი დამეკისრა. ისეთი დიდი, რომ იმ ასაკში მის მაშტაბებს ვერ ვაცნობიერებდი.
 
 
რა ახლდა ამ ყველაფერს – სიხარული, უკმაყოფილება?
 
 
,,ცოტ-ცოტა ორივე. მე მქონდა პიანინო. რომელ სამყაროშიც არ უნდა ვყოფილიყავი, მე ყოველთვის მქონდა პიანინო. ნელ-ნელა კლასიკურ მუსიკას გავუგე. გავიგე მისი სტრუქტურა, გავიგე რატომ ჩამოყალიბდა იგი ისეთად, როგორიც არის. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო.’’
 
 
იყო თეთრი მუსიკა ის, რასაც შენი სულის გამოკვება შეეძლო?
 
 
,,არა’’ ამბობს და პაუზის შემდეგ აგრძელებს – ,,არა და თანაც კი. ბახი ჩემთვის რევოლუციაა. მისი ფორმების გამო. მისი ფორმები იდეალურად დასრულებულია.’’
 
 
ამ დროს მისი სხეული პიანინოსკენ იხრება, რათა მსმენელს სხვა სამყაროსკენ გაუძღვეს.
 
 
,,გესმის? ბახის მუსიკა ბლუზს წააგავს. მისი შესრულება დიდ ტექნიკას მოითხოვს.’’
 
 
მისი მხრები ჩვეულ პოზიციაშია, მოხრილნი ცდილობენ თითებს დაკვრაში დაეხმარნონ.
 
 
,,ბახის მუსიკას არქიტექტურული შედევრის მსგავსი სტრუქტურა აქვს, ისევე როგორც ბლუზს.’’
 
 
ნინა ამჩნევს, ჩემს დაინტერესებას და მოყოლას სიამოვნებით განაგრძობს.
 
 
,,საშუალება გაქვს ბახის კომპოზიციის ფრაგმენტებს ადგილები იმდენჯერ შეუცვალო, რამდენჯერაც გინდა და იგი მაინც იდეალური იქნება. მონაცემთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება. ბლუზიც გაძლევს ამის გაკეთების საშუალებას. შეგიძლია ნოტების თანმიმდევრობა მიყოლებით გაიმეორო და ერთიანობის გრძნობას მიიღებ. შეგიძლია ტექსტში სიტყვები შეცვალო და რაღაც ახალს შექმნი, შეგიძლია ნოტებს ადგილი შეუცვალო და შედეგი ისევ განსხვაბებული იქნება, მაგრამ ყოველ ჯერზე უნიკალური და შესანიშნავი.’’
 
 
იგი უკან იხრება და ისვენებს.
 
 
,,იდეალური სტრუქტურა.’’
ოთახში შემოდის ნინას რვა წლის ქალიშვილი, ლიზა და ბახზე ლექცია წყდება.
 
 
,,შეიძლება მეგობრის სანახავად წავიდე?’’
 
 
ჩვენ წინაშეა პატარა, თავდაჯერებული ბავშვი, რომელიც მშობლისგან ნებართვის მოპოვებას ცდილობს.
 
 
,,შეიძლება?’’
 
 
გოგონას არ გუამართლა. ნინა ეჭვით სავსე მზერით უყურებს და ეკითხება :
 
,,სად არის სემი?’’ (ნინას ძმა)
 
 
,,იგი სანაპიროზეა.’’
 
 
ნინა ქალიშვილს თვალებში უყურებს : ,,არსადაც არ წახვალ. ბიძაშენს დაელოდე და უთხარი, სადაც აპირებ წასვლას.’’ ბავშვი ხვდება უარის მიზეზს და ოთახიდან უსიტყვოდ გადის.
 
 
ნინა ჩვენს საუბარს უბრუნდება. გონებით მოგონებების წიგნს ფურცლავს. ძიების ჟინი, რომელიც მთელს სახეზე აჩრდილად ეფინება, უფრო ხელშესახაებია, ვიდრე მისი სახელი – ეუნისი, და უფრო ახლო, ვიდრე მისი დაბადების ადგილი – ტრიონი, ჩრდილოეთ კაროლინა.
 
 
,,ოჯახის, პიანინოსა და ეკლესიის გარდა, მქონდა იღბალი. იღბლიანი ვიყავი, რადგან მყავადა კარგი მეგობრები. იღბლიანი ვიყავი, რადგან შემეძლო კონტრაქტების გაფორმება.’’
 
 
შვიდი წლის ეუნის ვეიმონი, სამხრეთის მზის ნაზი სხივებით განათებულ დილას მიდის მუსიკის გაკვეთილზე. მისი თითები იძაბება და ჩვეულებრივზე გრძელი ხდება, რათა შოპენის რითმების ათვისება შეძლოს. (ნინა ამბობს, რომ შოპენის მუსიკა ბახისა და რაღაც საოცრად რომანტიკულის ნაზავია.)
 
 
ოდესმე გეგონათ, რომ შაკვანიანი მსენელი თქვენს მიერ შეთავაზებულ ბახისა და შოპენის ბურჟუაზიულ მუსიკას მიიღებდა?
 
 
ოდესმე იფიქრებდით, რომ შავკანიანი მასწავლებელი ქალები, რომლებსაც უწევდათ ცარცის მტვერი ავეჯის მტვერში გაეცვალათ ან შავკანიანი კაცები – მუშები, თეთრკანიანთა მუსიკალური მაგიით ისიამოვნებდნენ?
(ხომ არ თვლიდით, რომ უკეთესი ცხოვრების გამო, თეთრკანინათა მუსიკაც უკეთესი იქნებოდა?)
 
 
როგორ მოხდა რომ ნინა სიმონად ჩამოყალიბების პროცესში ეუნის ვეიმონმა არ დაკარგა შავი, სამხრეთული ფესვები?
 
 
,,ჩემი პირველი სიყვარული დავკარგე. ისევე ადვილად, როგორც ვიპოვე და ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. დავკარგე სიყვარული და ვიპოვე კარიერა.’’
 
 
იგი ნახევრად დახუჭული თვალებით, მძიმედ მიმზერს.
 
 
მის სიმონ, თქვენ მილიონობით ადამიანი გაღმერთებთ. მილიონობით ადამიანს უყვარხართ.
 
 
,,ჩემი აზრით, ძალიან შორს ვარ იმის კომპენსაციისგან, რისი დათმობაც ამის გამო მომიწია.’’
 
 
ამ იდუმალი ქალის ცხოვრების სარჩული ბრაილის შრიფტითაა მოფენილი. მას ვერ წაიკითხავ. ვერ დაინახავ. მხოლოდ შეიგრძნობ. ახალგაზრდობის წლებში, ნინას მოზარდობის გატაცება, დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
,,ჩვიდმეტი წლისამ მივატოვე ყველაფერი და ჩრდილოეთში წავედი. ნიუ-იორკში, ჯულიარდის სკოლაში უნდა გამევლო საზაფხულო კურსები და სტიპენდიისთვის მებრძოლა.’’ ჩერდება. ,,მაგრამ არ მიმიღეს.’’
დიალოგის მანძილზე პირველად, ოთახი სიცარიელის შეგრძნებით ივსება.
 
 
რატომ არ მიგიღეს? ეს ვინმეს ბრალი იყო?
 
 
,,მე კარგი ნავარჯიშები არ ვიყავი. ჩემს ტექნიკაზე მეტად რწმენის იმედად ვიყავი. არც ფილადელფიაში მიმიღეს და მხოლოდ ობერლინის სკოლამ განაცხადა თანხმობა სტიპენდიის მოცემაზე.’’
იგი იღმის და ჰაერში ისვრის სიტყვებს : ,,სულელელი ვიყავი. სასწავლებლად არ წავსულვარ. მეგონა იქ გამგზავრება, ჩემს ნიჭს დააკნინებდა. სტიპენდიაზე რომ თანხმობა მეთქვა, ერთი წლის განმავლობაში ტექნიკას გავიუმჯობესებდი და ისევ ჯულიარდში ვცდიდი ჩაბარებას.’’
 
 
მხოლოდ ტექნიკის არ ქონა იყო უარის თქმის მიზეზი?
 
 
თვალს თვალში მიყრის : ,,შეიძლება რასობრივი მიზეზითაც არ მიმიღეს. არ ვიცი. ამ ქვეყანაში ადვილად შეიძლება ასეთი რამე მოხდეს.’’
მართლაც.
 
 
,,შემდეგ დედაჩემის მეგობარ ქალთან გადავედი. იგი მეუფე იყო და ჰარლემში ცხოვრობდა. იგი მიტარებდა ინდივიდუალურ გაკვეთილებს.’’
 
 
დიდხანს?
 
,,ხუთი თუ ოთხი წლის განმავლობაში ვსწავლობდი, ვცდილობდი საგნების არსი უკეთ გამეგო.’’
 
ეს პროცესი სიამოვნებას განიჭებდათ? გრძნობდით რომ ჰარლემს ეკუთვნოდით?
 
 
,,მარტო ვიყავი. მარტოობის შეგრძნებას ვერასდროს ვიშორებდი. მივატოვე სახლი, დავკარგე სიყვარული და ვერ ვიპოვე ვერაფერი, რაც მათ ადგილს შეავსებდა. პატარა ვიყავი. გულუბრყვილო და შეურაცხყოფილი. ასეთმა მოუმზადებელმა გადავწყვიტე ნიუ-იორკის ჯუნგლებში მეპოვა ჩემი ადგილი.’’
 
 
მისი სახე იკეტება. ფიქრებსა და ემოციებს მალავს.,,როცა ჩემი ოჯახი ფილადელფიაში გადავიდა საცხოვრებლად, მეც მათ გავყევი. ვმუშაობდი, რათა ოჯახი შემენახა. არ უნდა მემუშავა?’’
 
 
მის გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს მუსიკალური გაკვეთილებიც ემატებოდა. იგი ფილადელფიის მუსიკალურ სკოლაში მიიღეს, სადაც ოთხი წლის განმავლობაში აქტიურ მეცადინეობებს გადიოდა.
 
 
,,პენსილვანიაში ვმუშაობდი ექთნის დამხმარედ და ტექნიკის მაღაზიაში კონსულტანტად. შემდეგ ,,დიდი გარღვევა’’ მოხდა. სტუდიაში დავიწყე მუშაობა. ახალგაზრდა თეთრკანიან მომღერლებს ვუწევდი აკომპანირებას. საათში სამოცდათხუთმეტ ცენტს მიხდიდნენ.
 
 
მე უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. პიანისტი ვიყავი. ამიტომ კერძო გაკვეთილების მიცემა დავიწყე. სტუდიაში მუშაობით და რეპეტიტორობით, შემეძლო კვირაში ორმოცდახუთი დოლარი გამომემუშავებინა’’
ღიმილისგან თავს ვერ ვიკავებ და ორივენი ნაამბობის აბსურდულობაზე ვიცინით.
 
 
,,სტუდიაში აგენტები მოდიოდნენ და სამსახურს მთავაზობდნენ. თეთრკანიანთათვის უნდა გამეწია აკომპანირება. ატლანტაში. კვირაში ოთხმოცდაათ დოლარს გადამიხდიდნენ. ასეთ ფულზე ვერც ვიოცნებებდი. სტუდიაში მუშაობის მეორე წელს, აგენტს ვთხოვე ჩემთვის სამსახური მოეძებნა. ღამით ირლანდიურ ბარში ვუკრავდი. წარმოიდგინე, მანამდე არასდროს ვყოფილვარ ბარში. სახლში გრამაფონიც კი არასდროს გვქონია. პირველად იქ მოვისმინე და შემიყვარდა აივორ ჯო ჰანტერისა და ბადი ჯონსონის მუსიკა. მარიან ანდერსონი ჩემს კუმირად იქცა. აი, ასე ყოველ ღამე, ვარდისფერ, მორთულ კაბაში გამოწობილი ირლანდიურ ბარში მივდიოდი და ვუკრავდი.’’
აქ იწყება ზღაპარი, გაჯერებული კომედიითა და მსუბუქი დრამით.
 
 
,,ბარში ცუდი პიანინო იყო და ჩემს უფროსს ვუთხარი შეეცვალა. მთვრალი კაცები ძალიან ხმაურობდნენ, ამიტომ მთელ ხმაზე ვუკრავდი რახმანინოვს, რათა მათი ხმაური ჩამეხშო. ასეთ დაწესებულებაში დაკვრის პირობების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მითხრეს, რომ შეუსვენებლად უნდა დამეკრა ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში, მომცეს ერთსაათიანი შესვენება და მე დავთანხმდი. დღეში შვიდ საათს ვუკრავდი.’’
რაც შეეხება სიმღერას, როდიდან დაიწყეთ? როგორ ჩამოყალიბდა ხმა, რომელსაც ახლა ყველასთვის ნაცნობია?
 
 
,,მე მთხოვეს მემღერა და ვმღეროდი. ვმღეროდი იმ სიმღერებს, რომლებსაც თეთრკანინი მომღერლების აკომპანირებისას ვისწავლე. ჩემი ხმა არ იყო ძლიერი. ვცდილობდი გამომგონებლური ნიჭი გამომევლინა.’’
ეს გაძლევდათ თავისუფლების შეგრძნებას?
 
 
,,მე მიყვარდა ჩემი სამსახური. იქ შემეძლო გამომენთავისუფლებინა მუსიკა, რომელიც ჩემში ბუდობდა.’’
 
 
მალე ნინას შესახებ სტუდენტებმა გაიგეს. ისინი ყოველ დღე მიდიოდნენ ირლანდიურ ბარში მის მოსასმენად. სამი ზაფხულის განმავლობაში ერთგულად მიყვებოდნენ ნინას. ბარის სტუმრებს აიძულებდნენ გაჩუმებულიყვნენ, რათა ნინასთვის ხელი არ შეეშალათ. როცა ნიუ-იორკელმა აგენტმა, მას ნიუ-იორკში მუშაობა შესთავაზა, ნინას უკვე თაყვანისმცემელთა არმია ჰყავდა, რომლებმაც მას თავდაჯერებულობა მიანიჭეს. ნინა მზად იყო.
მის პირველ ჩანაწერს ერქვა – ,,მე შენ მიყვარხარ, პოგი.’’ ეს მეხის გავარდნას გავდა. თაყვანისმცემელთა რიცხვი გაიზარდა.
 
 
რა როლი ქონდა თქვენთვის შავკანიანთა ყოფას ამერიკაში? იქცა ეს იმ ძალად, რომელიც თქვენს თითებს პიანინოს ღილაკებზე მოძრაობას აიძულებდა?
 
 
,,არა. შავკანიანი ადამიანს შესაძლოა წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს, იმის შესახებ რაც მის ქვეყანაში ხდება. არც მე არ ვიცოდი, რა ხდებოდა ირგლივ. პასუხისმგებლობა მოგვიანებით მოვიდა.’’
 
 
მისი სხეული იძაბება. თითოქოს საცეკვაო პოზიციას იკავებდეს.
 
 
,,შემდეგ ოთხი ბავშვი მოკლეს ეკლესიაში. ოთხი გოგონა. ამის შემდეგ დავწერე Mississippi Goddamn’, უკეთესი იქნება ვთქვა, რომ ამ სიმღერამ თავად შექმნა საკუთარი თავი და მე ინსტრუმენტად გამომიყენა. ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა. ჩემი პოზიცია უნდა გამომეხატა ან ავფეთქებულიყავი.’’
 
 
მგონი ორივე გააკეთეთ.
 
 
,,ჰო, მგონი.’’
 
 
,,Four women’’ – ამ სიმღერის ინსპირაციის წყაროდაც ოთხი შავკანიანი გოგონას აფეთქება გახდა?
 
 
ჩურჩულით : ,,მე მგონი კი. როცა მათი გარდაცვალების ამბავი გავიგე, თვითმფრინავში ვიყავი. იქვე დავწერე სიმღერა და დავმალე. კიდევ ერთი წელი გავიდა, სანამ ამ სიმღერას ხალხს მოვასმენინებდი. მინდოდა ზუსტად მცოდნოდა, რომ სიმართლის მხარეს ვიყავი, სანამ მას სხვებს გავუზიარებდი.’’
 
 
როგორია შავკანიან არტისტთა ბედი ამერიკაში? ვეკითხები ნინას, რადგან მისი უშუალობა მაძლევს უფლებას ეს კითხვა დავსვა.
 
,,ამ მომენტში, მე ვცდილობ ძალები ჩემი პოტენციალის ბოლომდე გახნას მოვახმარო. თავი ჩემი ხალხის საჭიროებებს უნდა მივუძღვნა. ჩემს ხალხს შთაგონება სჭირდება, მე მზად ვარ ვიყო ინსპირაცია მათთვის. საკმარისი არაა იყო ,,კარგი მუსიკოსი.’’ თუ შენ შეგიძლია სხვებზე გავლენა მოახდინო, მაშინ იძულებული ხარ ეს გააკეთო.’’
 
ნინა იღიმის.
 
,,თეთრკანინ მომღერლებს შეუძლიათ ინებივრონ. მათ აქვთ სიზარმაცის უფლება. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ესაა და ეს.’’
 
 
ცხოვრებამ მის ხმაზე იარები დატოვა. სიბრაზე მის თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას ახლავს. მასში უარყოფილი უბიწოება იმალება. მის ხმაში გაისმის ძალადობით გაძარცვული იმედისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო სიმღერის ნოტები.
 
 
ნინა უყვართ. მას ერიდებიან. აღმერთებენ. არ მოსწონთ. მაგრამ, ყველას, ვისაც მისი მუსიკა გულთან ახლოს მიუტანია და განუჭვრიტავს მისი სული, შეუძლია თვქვას, რომ ნინა ექსტრემისტია. მებრძოლი, რომელსაც თავისი მდგომარეობა ბოლომდე გაუთავისებია.
-მაია ენჯელო, 1970.

Leave a Reply