ნაწყვეტები  ნიგერიელი პუბლიცისტის – ჩიმამანდა ნოზი ადიჩიეს საჯარო გამოსვლიდან.

 

ოკოლომა ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი იყო. იგი ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდა და უფროსი ძმის მსგავსად ზრუნავდა ჩემზე.  თუ ბიჭი მომეწონებოდა, პირველ რიგში ოკოლომას მივმართავდი რჩევისთვის. ოკოლომა იყო ჭკვიანი, მხიარული,  ბოლოებმომრგვალებული კოვბოური ბოტებით დადიოდა.  2005 წელს, კენიის სამხრეთით თვითმფრინავი ჩამოვარდა და ოკოლომა დაიღუპა.  სიტყვებით მიჭირს გადმოვცე, რა ვიგრძენი, მაშინ, როცა მისი დაღუპვის შესახებ გავიგე.  ოკოლომა იყო ადამიანი, რომელთან ერთადაც შემეძლო მეკამათა, გამეცინა და გულწრფელად დავლაპარაკებოდი. იგი ასევე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მიწოდა – ფემინისტი.

თოთხმეტი წლის ვიყავი. ოკოლომას სახლში ცხარედ ვკამათობდით, ყველა იმ ცოდნის გამოყენებით, რომლებიც წიგნებიდან მქონდა მიღებული. არ მახსოვს რაზე ვკამათობდით, მაგრამ მახსოვს, რომ როცა კამათს შევყევით, ოკოლომამ გამომხედა და მითხრა – “შენ ფემინისტი ხარ.”

თუ მისი ტონიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ეს სულაც არ იყო კომპლიმენტი. იგივე ტონით მას შეეძლო ეთქვა –  “შენ ტორორიზმის მხარდამჭერი ხარ.”

მაშინ მე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რას ნიშნავდა სიტყვა – “ფემინისტი.”  არ მინდოდა ოკოლომას გაეგო, რომ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი, ამიტომ არაფერი შევიმჩნიე და კამათი განვაგრძე.  როგორც კი სახლში დავბრუნდი, განმარტებითი ლექსიკონი გადავშალე და ფემინიზმის მნიშნელობას დავუწყე ძებნა.

ახლა მოვლენებს ოდნავ გავუსწრებ : 2003 წელს, დავწერე წიგნი  “იისფერი ჩინური ვარდი (ჰიბისკუსი).” წიგნი იყო კაცზე, რომელიც თავის ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა. საბოლოოდ წიგნის მთავარმა პერსონაჟმა ცუდად დაამთავრა. წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, მთელს კენიაში ვმოგზაურობდი. ერთხელაც ერთი ძალიან კარგი ჟურნალისტი მოვიდა ჩემთან და თავაზიანად მითხრა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი რჩევა ჰქონდა.

მან მითხრა, რომ ბევრის აზრით, ჩემი წიგნი იყო ფემინისტური. საუბრისას იგი თავს სევდიანად აქნევდა და რჩევაც მომცა – ნუ იტყვი რომ ფემინისტი ხარ, რადგან ფემინისტები არიან ადამიანები, რომლებიც გაუბედურნენ, ვინაიდან მამაკაცები ვერ იპოვეს.  მაშინ გადავწყვიტე, ბედნიერი ფემინისტი ვყოფლიყავი.

ამის შემდეგ, კენიელმა აკადემისკომა ქალმა მითხრა, რომ ფემინიზმი არ იყო ჩვენი კულტურის ნაწილი. ფემინიზმი იყო არა-აფრიკული იდეოლოგია.  და თუ მე საკუთარ თავს ფემინისტს ვუწოდებდი, გამოდიოდა, რომ დასავლური ლიტერატურის გავლენის ქვეშ ვიყავი მოქცეული.  (ამ ნათქვამმა ნაწილობრივ დამაკმაყოფილა, რადგან სინამდვილეში, ის წიგნები, რომლებსაც მოზარდობისას ვკითხულობდი საერთოდ არ იყო ფემინისტური. თექვსმეტ წლამდე ვკითხულობდი მილსის და ბუმის გამოცემულ ყველა რომანს. ხოლო ის წიგნები, რომლებსაც  “კლასიკურ ფემინისტურ საკითხავებად”,  მოიხსენიებდნენ ჩემთვის მოსაწყენი იყო.)

ასე თუ ისე, რადგან ფემინიზმი იყო არა-აფრიკული მოძღვრება, გადავწყვიტე ბედნიერი აფრიკელი ფემინისტი ვყოფილიყავი.  ამის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ იყო ფემინისტი, ნიშნავს იყო კაცთმოძულე.  მიხვდი, რომ მე ვიყავი ბედნიერი აფრიკელი ფემნისტი, რომელსაც არ სძულს კაცები, მაგრამ არც მათთვის თავის მოწონებას სცდილობს. 

ეს ყველაფერი ხუმრობით. მაგრამ ამ მონათხრობით მინდოდა მეჩვენებინა, როგორ აღიქმება სიტყვა – ფემინისტი.  შეცდომით აკიდებული ბარგი, რომელსაც ეს სიტყვა ატარებს:  იყო ფემინისტი ნიშნავს, რომ შენ გძულს კაცები.  გძულს აფრიკული კულტურა. გძულს ბიუზჰალტერი.  თვლი, რომ ქალები სათავეში უნდა იყვნენ.  არ იყენებ მაკიაჟს.  არ უვლი საკუთარ თავს. არ იყენებ ანტიპესპირანტს.  ხარ ბრაზიანი და აგრესიული.

ზოგჯერ შეცდომით მგონია, რომ ის რაც ჩემთვის ცხადზე ცხადია, სხვებისთვისაც ნათელი იქნება.  მაგალითად, ავიღოთ ჩემი მეგობარი ლუისი, რომელიც პროგრესული აზროვნების, შესანიშნავი ახალგაზრდაა. ერთხელ მან მითხრა : “არ მესმის, რას გულისხმობ, როცა ამბობ რომ ქალებისთვის ყველაფერი რთული და განსხვავებულია. შეიძლება, ეს ასე ადრე იყო, მაგრამ არა ახლა. ახლა ყველაფერი კარგადაა, “- მიხვდი, რომ ლუისი აშკარად ვერ ხედავდა იმას, რასაც მე ვხედავდი.

მიყვარს ნიგერიაში დაბრუნება და ლაგოსში, ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქში დიდხანს დარჩენა.  საღამოობით, როცა მზე აღარ აცხუნებს და ქალაქიც შედარებით წყნარდება, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან რესტორნებში და  კაფეებში დავდივარ ხოლმე.  ერთ დღესაც სავახშმოდ ლუისთან ერთად წავედი.

ლაგოსში სპეციალური თანამდებობა არსებობს. პარკირების ადგილას აუცილებლად დგას მამაკაცი, რომელიც პარკირებაში გეხმარება და მანქანას თვალყურს ადევნებს.  ლაგოსი ოც მილიონიანი მეტროპოლისია, უფრო ენერგიული ვიდრე ლონდონი და უფრო დიდი ბიზნეს ცენტრი, ვიდრე ნიუ-იორკი.  ამიტომ, ლაგოსში ჩამოდის უამრავი ადამიანი და ცდილობს ცხოვრების აქ დაწყებას. ისევე როგორც ბევრ დიდ ქალაქში, ლაგოსშიც ჭირს პარკირებითვის თავისუფალი ადგილების პოვნა. ამიტომ, ეს მამაკაცები გეხმარებიან ასეთი ადგილის პოვნაში. იმ შემთხვევაშიც თუ შენ ეს ადგილი უკვე იპოვე, ისინი მაინც გიძღვებიან მისკენ და პირობას დებენ, რომ შენს მანქანას მიხედავენ. 

როდესაც სავახშმოდ წავედით, მანქანა ერთ ახალგაზრდა კაცს დავუტოვეთ. რესტორნიდან გამოსულმა, გადავწყვიტე ამ კაცისთვის ,,ჩაი’’ დამეტოვებინა. გავხსენი ჩემი ჩანთა, ამოვიღე ჩემი საფულე და მივეცი ჩემი ფული. კაცი კმაყოფილი და ბედნიერი ჩანდა.  მამაკაცმა, რომელმაც ჩემგან ფული აიღო, ლუისს შეხედა და უთხრა: “დიდი მადლობა, ბატონო.”

გაოცებულმა ლუისმა შემომხედა და მკითხა : “მადლობას მე რატომ მიხდის. ფული ხომ მე არ მიმიცია.”  სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაც ახალი გააცნობიერა. მამაკაცმა მადლობა ლუისს გადაუხადა, რადგან თვლიდა, რომ ნებისმიერი ფული, რაც შეიძლება მე მქონოდა, აუცილებლად კაცის მოცემული უნდა ყოფილიყო. ლუისი კი იყო კაცი, რომელიც ჩემ გვერდით იდგა.

ქალები და კაცები განსხვავებულები არიან. განსხვავებული ჰორმონები, განსხვავებული აგებულება, განსხვავებული ბიოლოგიური მახასიათებლები – ქალებს შეუძლიათ გააჩინონ ბავშვები, კაცებს ეს არ ძალუძთ. კაცებს ტესტესტერონის უფრო მაღალი რაოდენობა აქვთ. უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ქალები.  მსოფლიოში უფრო მეტი ქალია, ვიდრე კაცი. მსოფლიოს მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია, თუმცა ძალაუფლება კაცების ხელშია. ყველა პრესტიჟული ადგილი კაცებს უჭირავთ. ნობელის პრემიის კენიელმა ლაურიატმა ეს მოკლედ და ზუსტად გადმოსცა – რაც უფრო მაღლა მიიწევ, მით უფრო ნაკლებად გხვდება ქალი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცები მსოფლიოს მართავენ.  ეს გამართლებული იქნებოდა ათასობით წლის წინ. როდესაც ადამიანებს უწევდათ ცხოვრება ისეთ გარემოში, სადაც ფიზიკური სიძლიერე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი.  ყველაზე ძლიერი იყო სათავეში და მამაკაცები მართლაც იყვენენ ქალზე უფრო ძლიერნი. თუმცა დღეს განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ.  იმისათვის რომ იყო ლიდერი, ფიზიკური სიძლიერე არ არის აუცილებელი. აუცილებელია პიროვნება იყოს ინტელექტუალი, დიდი ცოდნის მატარებელი, ნოვატორი და კრეატიული.  ამ თვისებებს კი ჰორმონები არ განსაზღვრავენ. ქალებს შეუძლიათ იყვნენ ისეთივე ჭკვიანები, როგორიც კაცები. იყვენენ ისეთივე კრეატიულები, როგორიც კაცები. კაცობრიობა განვითარდა. ჩვენი შეხედულებები გენდერზე კი იგივე დარჩა.

ენდერს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მე აქ ვარ, რათა შემოგთვაზოთ ერთად ვიოცნებოთ უკეთეს მსოფლიოზე.  უფრო სამართლიან მსოფლიოზე. გარემოზე  უფრო ბედნიერი ქალებისთვის და კაცებისთვის, რომლებიც საკუთარ თავთან გულწრფელები იქნებიან.  აი, საიდან უნდა დავიწყოთ. უნდა ავღზარდოთ ჩვენი ქალიშვილები სხვაგვარად. უნდა აღვზარდოთ ჩვენი ვაჟები სხვაგვარად. ბიჭების აღზრდისას მათ დიდ ზიანს ვაყენებთ. ჩვენ მათში ჰუმანურობას ვკლავთ. ჩვენ განვსაზღვრავთ მასკულინობას, ძალიან ვიწრო ჭრილში. ჩვენ ვქმნით მასკულინობის პატარა, რკინის გალიას და ჩვენს ვაჟებს მათში ვათავსებთ.

ჩვენ ვასწავლით ბიჭებს, რომ არასდროს გამოავლინონ შიში, ან სისუსტე.  ჩვენ მათ ვთავაზობთ ნიღბებს და ვთხოვთ უარი თქვან საკუთარ თავებზე, რათა გახდნენ – ნამდვილი მამაკაცები, ან როგორც ნიგერიაში იტყვიან – მედგარი კაცები.

როდესაც, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები პაემანზე მიდიან, როდესაც მოზარდი წყვილიდან ორივეს აქვს ჯიბის ფული, თანხის გადახდის ვალდებულება ყოველთვის ბიჭს ეკისრება, რადგან იგია კაცი და ამით უნდა გამოამღჟავნოს თავისი მასკულინური ბუნების თავისებურება.

ჩვენ ზედმეტ დროს ვხარჯავთ გოგონებისთვის იმის სწავლებაში, რომ ისინი ბიჭებისთის ,,მოსაწონნი’’ უნდა იყვენენ.  ჩვენ არ ვეუბნებით ბიჭებს, რომ სხვებს თავი მოაწონონ.  ჩვენ ვასწავლით გოგონებს რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ აგრესიულები, მიმწოლები და შეუპოვრები,  რაც ცალსახად ცუდია, თუმცა უარესია ის, რომ იგივე თვისებების გამო ბიჭებს ვაქებთ.  მსოფლიოში უამრავი ჟურნალი თუ წიგნია, რომელთა მეშვეობითაც გოგონებს ვასწავლით ბიჭებისთის თავის მოწონების ან მათთვის სიამოვნების მინიჭების სხვადასხვა ხერხს.  იშვიათად თუ მოიძებნება ,,სახელმძღვანელო’’, რომელიც კაცებს ქალებისთვის სიამოვნების მინიჭებას ასწავლის.

რა მოხდება, რომ ვცადოთ ჩვენი შვილების ისე აღზრდა, რომ მათ აღარასოდეს დააკავშირონ მასკულანურობა და ფული ერთმანეთთან.  რათა მათ ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ “ბიჭია და უნდა გადაიხადოს” იფიქრონ,  “გადაიხადოს იმან, ვისაც მეტი ფული აქვს.” რა თქმა უნდა, ისტორიული უპირატესობიდან გამომდინარე, კაცს შეიძლება უფრო მეტი ფული ჰქონდეს.  მაგრამ თუ ჩვენ ჩვენს შვილებს განსხვავებულად აღვზრიდით, შეიძლება ორმოცდაათ ან ას წელიწადში ბიჭები აღარ იყვენენ მასკულინობის მატერიალური მხარის ზეწოლის ქვეშ. რაც უფრო მეტად ვცდილობთ ბიჭებს ჩავუნერგოთ, რომ ისინი უნდა იყვენენ მასკულინურები, მით უფრო ვაზიანებთ მათ ეგოს. რაც უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ ვაქცევთ ბიჭებს, მით უფრო  ვასუსტებთ მათ ეგოებს.

ამის შემდეგ, ჩვენ უარესს ვშვრებით, ვასწავლით გოგონებს, რომ მათ მამაკაცთა ეგოები უნდა გამოკვებონ.

 ჩვენ ვასწავლით გოგონებს, რომ საკუთარი თავები შეზღუდონ, რათა საკუთარი თავები დააპატარავო .

ჩვენ ვეუნებით გოგონებს : “შენ შეგიძლია გქონდეს ამბიციები, მაგრამ არა ძალიან დიდი.  შენ უნდა დაისახო მიზანები, რათა იყო წარმატებული, მაგრამ არა იმდენად, რომ შენმა წარმატებამ კაცები დააფრთხოს.  თუ შენ ხარ ოჯახის შემნახველი ეს არასდროს უნდა გამოხატო, მით უფრო სახალხოდ, სხვაგვარად შენ პარტნიორის მამაკაცობას დააკნინებ, მის კასტრაციას  მოახდენ.”

გენდერთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ იგი წინასწარ გვინსაზღვრავს ვინ უნდა ვიყოთ, ნაცვლად იმისა, რომ გვაღიარებდეს ისეთებად, როგორებიც ვართ.  წარმოიდგინედ, რამდენად ბედნიერები, თავისუფლები, ნამდვილები ვიქნებოდით, რომ არ გვქონდეს გენდერული სტერეოტიპების მიხედვით დაწესებული ნორმები და მოლოდინები.

გენდერის შესახებ დიალოგის ქონა ადვილი არ არის.  ასეთი საუბრებისას ადამიანები თავს არაკომფორტულად გრძნობენ, ზოგჯერ ღიზიანდებიან კიდეც.  ქალებიცა და კაცებიც ერიდებიან გენდერზე საუბარს და გენდერულ პრობლემებს უარყოფენ. იმ მიზეზით გამო, რომ სტატუს ქვოს შეცვლა არ ღირს. 

 ბევრი ადამიანი კითხულობს : რატომ მიანცდამაინც ფემინისტი? რატომ, არ ამბობთ რომ ხართ ადამიანთა უფლებების დამცველები ზოგადად ან რატომ არ იყენებთ, რაიმე მსგავსი ხასიათის ტერმინს.  ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ისეთი ბუნდოვანი და მრავალი მნიშნელობის მქონე ტერმინის გამოყენებებისას, როგორიც – ადამიანთა უფლებების დამცველია, ჩვენ გენდერის პრობლემებს არ წარმოვაჩენთ საჭირო სიმძაფრით.  ამის გაკეთებით ჩვენ თავს მოვაჩვენებთ, თითქოს საუკუნეების მანძილზე სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი ქალები არ ყოფილან. თითქოს გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი ქალი არ არის.  ამით უარვყოფთ, რომ პრობლემატურია არა ადამიანად ყოფნა, არამედ ქალად ყოფნა. საუკუნეების განმავლობაში კაცობიობა ორ ჯგუფად დაიყო. ისტორიის განმავლობაში ერთი ჯგუფი ყოველთვის ვიწროვდებოდა, ამიტომ სწორად მიმაჩნია ამის სახელშივე ხაზგასმა.

 

 ბევრ  მამაკაცს ეშინია სიტყვა ფემინიზმის. ჩემი აზრით, ეს იმ თავდაუჯერებლობის გამოა, რომელიც მათში აღზრდისას ჩნდება.  მათი თვითშეფასების დაკნინებისა, რომელსაც ისინი თავიანთი ,,ბუნებრივი’’ მდგომარეობის გარეთ გრძნობენ, იმ შემთხვევაში თუ ისინი სათავეში არ არიან.

ერთხელ ერთმა კაცმა მითხრა : მე ეს არ მაინტერესებს. გენდერულ პრობლემებზე არასდროს ვფიქრობ. შეიძლება მართლაც არ აინტერესებს.

 და ეს პრობლემის ნაწილია, რადგან უამრავი მამაკაცის გენდერულ პრობლემებზე მსჯელობას თავს არიდებს და ჩემი მეგობარი ლუისივით ფიქრობს, რომ ქალებისთვის სოციალური უსამართლობის დრო წარსუსლ ჩაბარდა, რადგან ახლა ყველაფერი კარგადაა.  როდესაც მამაკაცი რესტორანში შედის მიმტანი მას გულთბილად ესალმება, მაგრამ მაიგნორებს მე. ჩემს გვერდით მყოფ მამაკაცს არასდროს უკითხავს მიმტანისთვის, თუ რატომ უარყო მან ჩემი არსებობა. ჩემი აზრით, ასეთ სიტუაციებში მამაკაცების მხრიდან მხარდაჭერა და ხმის ამოღება ძალიან მნიშვნელოვანია.

გენდერი არასასიამოვნო საკითხია და მასზე საუბარს ყველანი თავს არიდებს.

როდესაც ასეთი საუბრის აბსურდულობის ხაზგასმა და მისი დასრულება სურთ, ხშირად იშველიებენ ბიოლოგიური ევოლუციის მაგალითს. საუბრობენ მაიმუნებზე, რომელთა საზოგადოებაშიც მდედრი მამრს ემორჩილება, რადგან ეს ბიოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, კანონზმიერულია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და არა მაიმუნები.

ზოგიერთი თვლის, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები უფრო მეტად არიან სისტემების მსხვერპლნი, ვიდრე ქალები.  მაგრამ ჩვენ აქ ერთმანეთს პრობლემებს არ ვადარებთ. მამაკაცი, თუნდაც სოციალურად დაუცველი, ინარჩუნებს იმ პრივილეგებს, რომლებიც მის მამაკაცად ყოფნას მოსდევს თან. ერთხელ, გენდერზე ლაპარაკისას ერთ-ერთმა კაცმა გამაწყვეტინა და მკითხა, რატომ ვაკეთებდი აქცენტს იმაზე, რომ ქალი ვარ და რატომ ვსაუბრობდი ქალების პრობლემებზე. მან მკითხა – რატომ არ საუბრობ, როგორც უბრალოდ ადამიანი?  – რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადამიანი ვარ. მაგრამ უამრავმმა რამემ ჩემზე გავლენა მოახდინა იმ მიზეზით, რომ მე ქალი ვიყავი.  იგივე ადამიანი საუბრობდა შავკანიანი მამაკაცების პრობლემებზე. გამიჩნდა სურვილი კითხვა დამებრუნებინა და მეკითხა, რატომ უსვამდა ხაზს თავისი კანის ფერს, რატომ საუბრობდა შავკანიანი კაცის სახელით და არ უზიარებდა სხვებს საკუთარ გამოცდილებას, როგორც უბრალოდ ადამიანი.

რა არის კულტურის დანიშნულება? კულტურა უზრუნველყოფს ადამიანთა სოლიდარობისა და ერთიანობის შენარჩუნებას.  ჩემს ოჯახში ადგილობრივი ტრადიციებით ყველაზე უფრო დაინტერესებული მე ვარ. ჩემი ძმები დიდ ინტერესს არ გამოხატავენ. მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია სხვადასხვა ტრადიციულ შეკრებებს დავწესრო, რადგან ჩემი კულტურა ქალის იქ ყოფნას არ ითვალისწინებს.

შეიძლება კულტურა აყალიბებს ადამიანს, მაგრამ ეს პროცესი ორმხრივია. შეიძლება ქალის, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრის როლი, ჩემი კულტურის შემადგენელი ნაწილი არაა, მაგრამ მე ვცდილობ ეს ასე გავხადო.

მე ხშირად ვფიქრობ ჩემს მეგობარ ოკოლომაზე. უფრო ვრწმუნდები, რომ იმ დღეს, მის სახლში, კამათისას იგი მართალი იყო, როცა ფემინისტი მიწოდა. მე ფემინისტი ვარ.

როცა წლების წინ, ჯერ კიდევ ბავშვმა ეს სიტყვა ლექსიკონში მოვძებნე, ასეთი განსაზღვრება ამოვიკითხე : ფემინისტი – ადამიანი, რომელსაც სწამს სქესთა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თანასწორობის.

ჩემი დიდი ბებია ფემინისტი იყო. მან უარი თქვა ცოლად გაყოლოდა კაცს, რომელიც არ უყვარდა. გამოიქცა მისი სახლიდან და ცოლად საყვარელ ადამიანს გაჰყვა. მან გააპროტესა, როცა მემკვიდრეობით მიწა არ გადასცეს, იმის გამო, რომ იგი ქალი იყო.  ბებიაჩემმა არ იცოდა ფემინიზმის მნიშვნელობა. მაგრამ იგი იყო ფემინისტი.  ჩემთვის ნამდვილი ფემინისტი ჩემი ძმაა. ახალგაზრდა, კარგი გარეგნობის, მასკულანური კაცი. ფემნიზმის ჩემეული განსაზღვრების მიხედვით კი, ფემინისტია ყველა ვინც ამბობს, რომ დიახ, არსებობს პრობლემა და ჩვენი ვალია მის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ. ჩემი აზრით, ყველამ უნდა ვცადოთ ამ პრობლემის გამოსწორება.

 

(ნაწყვეტები  ნიგერიელი პუბლიცისტის – ჩიმამანდა ნოზი ადიჩიეს საჯარო გამოსვლიდან.)

 

One Response

  1. ----

    დიდი მადლობა ასეთი კარგი სტატიის ნახვისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ამის წაკითხვა!

    Reply

Leave a Reply to ---- Cancel reply