ვირჯინია ვულფის ცხოვრება ჰგავდა გზას შუქურისკენ – შორს ადამიანებისგან, ყოველდღიური ცხოვრების სიმძიმეებისგან, შორს, სადღაც ღრმა წყალში, სადაც შეიძლება შეცურო შენი საყვარელი ქურთუკით, რომლის ჯიბეებიც სავსე გაქვს ქვებით, შეხვიდე წყალში და დარჩე სამუდამოდ.

 

1927 წელს “გზა შუქურისკენ” გამოქვეყნდა. ისტორია ინგლისელ, რემზების ოჯახზე, მათ ცხოვრებაზე ზრვისპირა აგარაკზე, სადაც უამრავ ადამიანს სტუმრობენ. სადაც აღწერილია მიზიდულობა მამაკაცის და ქალის, მუდმივად თანმდევი ზიზღი, აღმოჩენები, დაკვირვება ერთმანეთზე, სიყვარული, რომელსაც თანაბრად ანაწილებს დედა რვა შვილისთვის და გულში იმწყვდევს გულგრილობას, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება და თავს არ ანებებს, როგორც უზარმაზარი და საშიში ჩრდილი მოკლული ცხოველის ფიტულის, რომელიც საბავშვო ოთახში კიდია. მას შალის შემოცმით ვერაფერს დააკლებს, ვერსად გაექცევი წინათგრძნობას, რომელიც შენი გაღვიძებისთანავე ახელს თვალს და თან გაიძულებს სიმშვიდე შემოისხა, რადგან ადამიანების შენი არსებობით სჯერა, რომ დღეს კარგი, მზიანი დღე გათენდა, იქნებ არც იწვიმოს და დღეს მაინც გავუდგეთ გზას, ტალღებს შუქურისკენ.

 

ea693a1462f5cef89fd435f374d4aabe

 

“რა თქმა უნდა, თუ ხვალ კარგი ამინდი იქნება” – მისიზ რემზი პატარა ჯეიმს რემზისთვის სწორედ ის საყრდენია, რომელიც სამომავლო გეგმებს, მათ თანმდევ სიხარულს თუ გულისტკივილს საშუალებას არ აძლევს იმ წამიერი ბედნიერება დათრგუნოს. სელინჯერი ასეთ ქალებზე წერდა – იდგა აივანზე მისიზ რემზი, უსასრულობაში ჩაკარგულ ზღვას გასცქეროდა და მთელი სამყარო ეჭირა თითქოს თავმოყრილი, უჩვეულო სილამაზით და მუდმივად მოფიქრალი თვალებით. ლილი ბრისკოსთვის ის მოვლენაა, რომელსაც ხან ჩუმად მომზირალი აკვირდება ან ფუნჯით და საღებავებით ცდილობს გადმოსცეს, რას ფიქრობს მასზე.

“რამხელა ძალა იმალება ადამიანის სულში” – ფიქრობდა ის და თვალს აყოლებდა მისის რემზის, რომელიც საოცარი ოსტატობით იცილებდა უარყოფითს და პოულობდა ყოველთვის, ყველა სიტუაციიდან გამოსავალს. მისი ფურცლებიდან გაუჩინარების შემდეგ, ყველაფერი ირევა, თიტქოს ადამიანებს საყრდენი გამოეცალათ და ერთიანად აღმოჩდნენ უსაშველო ზღვაში, სრულიად მარტო, სადაც ბევრი მათგანის ექო ისე შთანთქა ტალღებმა, ხმა ვერც ვერავის მიაწვდინეს.

ასე ხდება ხოლმე, უეცარი ქარიშხლის ამოვარდნის შემდეგ, სასტიკი სიჩუმე ისადგურებს, სახლი ცარიელდება ადამიანის ექოსგან გასუფთვებული. ნესტის სუნი ღრმად ჯდება კედლებში და სურათებზეც რთული ხდება სახეების გარჩევა. და შუქურისკენ მიმავალი გზაც მათი ბედის დასასრულია, როგორც ის მკაფიო ხაზი, სურათის შუაგულში, რომელიც ლილი ბრისკომ გაავლო თავის ნახატზე და დასვა წერტილი.

Leave a Reply