ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, სადაც ისეთ სფერო, როგორიცაა კინოინდუსტრია, ასოცირებულია ჰოლივუდურ ,,მაქსიმალიზმთან”, თითქმის ფანტასტიკის სფეროდ განიხილება დაბალბიუჯეტიანი კარგი მხატვრული ფილმის გაკეთება. ხშირად სწორედ ეკონომიკური მიზეზებს ბრალდება ის, რომ  რომ ღირსეული ნაწარმის შექმნა არ ხდება, ასე ჩვენს ქვეყანაშიც.  როცა მინიმალური შესაძლებლობების პირობებში, მაქსიმალურად ხდება რესურსების გამოყენება და მაღალმხატვრული ღირებულების კინოს შექმნა, აქ საქმე უკვე უმაღლეს კლასთან გვაქვს. სწორეს ასეთ მაღალი დონის შემოქმედებად შეგვიძლია განვიხილოთ მინიმალისტური მიდგომა, განსაკუთრებით კი მისი ხორცშესხმა თანამედროვე აზიურ კინოში.

მინიმალისტური კინოს განსაზღვრული დეფინიცია არ არსებობს, თუმცა თუ მაინც შევეცდებით ასეთის შექმნას, შეიძლება ვთქვათ, რომ მინიმალისტურია ფილმი,  სადაც ცოტა მოქმედებებია.  აქ რეჟისორი უფრო მეტად ორიენტირებულია მხატვრულ ხერხებსა და ვიზუალურ გამომხატველობაზე,  ვიდრე შინაარსობრივ დეტალებზე ან დიალოგებზე.

აზიურ კინოში ტექნიკური მინიმალიზმი 90-იანი წლების შუა ხანებიდან მკვეთრად შეინიშნებოდა, ამ ფილმებში ისტორიები მიჰყვება შედარებით მცირე პერსონაჟების ცხოვრებას და ფოკუსირებას ახდენს რეალურობაზე, გვიჩვენებენ ადამიანის ყოველდღიურ და ინტიმურ დრამებს, რომელბიც ხშირად ჩაკირულია რუტინულ მოქმედებებში – მანქანის ტარება, სიარული, ჭამა ოჯახთან  ან მეგობრებთან ერთად. პერსონაჟები როგორც წესი,  არ გამოხატავენ მკვეთრ ემოციებს, მათი გრძნობები უფრო მეტად დამუნჯებული, ჩახშობილი და რეპრესირებულია ვიდრე გამოთქმული.

იარლიყი ,,მინიმალისტური” მიგვანიშნებს ფინანსურ შეზღუდულობასა და მის სიმწირეზეც, რომლის გამოც უარის თქმა ხდება სტანდარტული ფილმისთვის დამახასიათებელ სპეცეფექტებსა და გადაღების ტექნიკაზე. აზიურ კინოში ეს სტილი გულისხმობს გადაღების ხანგრძლივ პროცესს, რის გამოც სცენები შესრულებულია მცირე კადრებით, შესაძლებელია ერთითაც კი. ხანგრძლივი გადაღება ხდება ფიქსირებული კამერით, ამის გამო ხშირად კამერა არ მიყვება პერსონაჟებს, შესაძლებელია პანორამა არც კი იყოს გამოყენებული. კამერის პოზიცია ხშირად საკმაოდ დისტანციურია. ეს ეკონომიური ხრიკები, პრინციპში, კარგად შეეფერება ყოველდღიურ ისტორიებს, მოქმედებებს და თავისუფლად სტრუქტურირებულ ფილმის შინაარსს.

80-იანი წლების შუახანებიდან პიონერები ვინც ზემოთაღნიშნული ტექნიკების გამოყენება დაიწყო, იყვნენ ტაივანის ახალი კინოს წარმომადგენლები და რეჟისორი Hsiao-Hsien Hou. 10 წლის შემდეგ კი უკვე ამ სტილის აქტიური გამოყენება დაიწყეს და დღემდე აგრძელებენ ისეთი არაჩვეულებრივი შემოქმედები, როგორებიცაა  Tsai Ming-Liang-ი და Wu Nien-Jen. მინიმალისტური მიდგომა გამოჩნდა ამავე პერიოდის იაპონურ კინოშიც, აქედან ყველაზე ცნობილად ალბათ Hirokazu Koreeda-ს ,,Maborosi” (1995)  და ტაკეში კიტანოს ადრეული ნამუშევრები ითვლება. შედარებით მოგვიანებით ეს სტილი ჩინელმა რეჟისორებმაც გადაიღეს, ყველაზე გამორჩეულად კი Jia Zhangke-მა თავის ფილმებში Platform (2000), The world (2004) აიყვანა იგი უმაღლეს დონეზე. მალაიზიაში მინიმალიზმის განმხორციელებელი Ho Yuhang-ი აღმოჩნდა ფილმით Rain Dogs (2006). მიუხედავად ამ რეჟისორთა განსხვავებული სტილისა და მთავარი ხაზებისა მათთვის დამახასიათებელი აღმოჩნდა ის ოსტატობა, რომლითაც მწირი რესურსის პირობებში მხატვრული სიმდიდრის მიღწევა შეიძლება.

Goodbye, Dragon Inn (2003). Dir: Tsai Ming-liang

Millennium Mambo (2001). dir: Hsiao-Hsien Hou.

Maborosi (1995).  Dir: Hirokazu Koreeda

Still Life (2006) . dir: Jia Zhangke.

Leave a Reply