Tbilisi Open Air 2016-მა სტარტი 29 ივლისს ლისის ტბის მიმდებარედ, იპოდრომთან აიღო. ფესტივალი, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ტარდება და ამერკავკასიაში ყველაზე დიდია, მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზატორებმა ფესტივალის მონაწილე მუსიკოსთა სია რამდენიმე თვით ადრე გამოაქვეყნეს და დარჩენილ დროში ლოკაციაზე სტუმრებისთვის კომფორტული, დასასვენებელი ზონები შექმნეს, მათ შორის წიგნების კუთხე  და სპეციალური საკემპინგე სივრცე.

ფესტივალის პირველი დღე ქართულმა ჯგუფმა Bredford Falls-მა გახსნა და მსმენელს მათთვის საყვარელი ტრეკები შესთავაზა, ვიდრე ფესტივალის სტუმრებს რუსული Motorama-ს მოსმენის საშუალება მიეცემოდათ.  პირველი დღის მთავარი მოვლენა ფანების ფავორიტი ბრიტანული ბენდის Morcheeba-ს წევრების, სკაისა და როსის გამოჩენა იყო.  თრიფ ჰოპისა და ფოლკ-როკის შემსრულებლებმა ქართულ მსმენელს, რამდენიმე ტრეკი მათი მომავალი სტუდიური ალბომიდან მოასმენინეს და სცენის დატოვებამდე, წელს დაღუპული ლეგენდარული ბრიტანელი შემსრულებლის – დევიდ ბოუის კლასიკად ქცეული ჰიტი – Let’s dance შეასრულეს და დაღუპული მომღერლის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

 

 

 

საუნდის გაუმართაობასთან და ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად,   მთავარ სცენაზე პროგრამა, ფრანგული დუეტი Air-ის გამოსვლით დასრულდა. მუსიკოსებმა მათი ცნობილი ჰიტები შეასრულეს, რომლებიც ელექტრონული მუსიკისა და ფსიქოდელიური როკის ნაზავს წარმოადგენენ. სამწუხაროდ, ფესტივალის პირველ დღეს, მსმენელს საშუალება არ მიეცა მთავარ სცენაზე ეხილა კიდევ ერთი ქართული ბენდი Kung Fu Jankie. 

როგორც ცნობილია, ბენდმა წელს დანაკარგი განიცადა, ჯგუფის დამფუძნებელი და ერთ-ერთი წევრი თაზო ლიპარტელიანი რამდენიმე კვირის წინ გარდაიცავალა. 29 ივლისს ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Kung Fu Jankie ფესტივალის მეორე დღეს, 30 ივლისს წარსდგებოდა და ეს იქნებოდა გარდაცვლილი მეგობრისათვის მიძღვნილი ლაივი, მაგრამ მოგვიანებით ჯგუფმა საერთოდ უარი თქვა ფესტივალში მონაწილეობაზე და საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან ქართველი მუსიკოსების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებაზე ალაპარაკდა.

ამ განცხადებამდე ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მწუხარება გამოხატა “გრინჩის” (თაზო ლიპარტელიანის) გარდაცვალების გამო და ერთ-ერთ სცენას მისი სახელი დაარქვეს.

 

Kung Fu Junkie ერთადერთი ქართული ბენდი არ არის, რომელიც ტექნიკურ გაუმართაობასა და ორგანიზაციულ ხარვეზებზე საუბრობს. ფესტივალზე გამოსვლისგან იმავე მიზეზით თავს იკავებს ბენდი Backwarmer.

Leave a Reply