სოფი ოკსანენის შესახებ მისი საჯარო გამოსვლებით გავიგე, სადაც ცალსახად უპირსპირდება რუსეთს, გმობს ოკუპაციებს და საუბრობს ისტორიის ფალსიფირებაზე, რომელიც საბჭოთა კავშირმა განახორციელა. ის ფინელ-ესტონელი მწერალია, რომლის ნაწარმოებები 50 ენაზე თარგმნილი, ადამიანის უფლებათა დამცველი, უამრავი ლიტერატურული ჯილდოს და მკითხველთა დიდი არმიის მფლობელია.

სოფი ოკსანენის ყველაზე პოპულარული წიგნის “წმენდა” (Purge) კითხვა ინგლისურად დავიწყე და რამდენიმე დღეში ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში გადავაწყდი ამავე წიგნს ქართულად. სასიამოვნოდ გავოცდი. აღმოჩნდა, რომ “წმენდა” და ამავე ავტორის “როცა მტრედები გაუჩინარდნენ” გამომცემლობა MTP-ს (MEREBASHVILI-TYKESSON PUBLISHING) უთარგმნია. სოფი ოკსანენის წერის სტილი ისეთივე ორიგინალური და შთამბეჭდავია, როგორც თავად მწერალი, თუმცა ამჯერად არა მის შესახებ, არამედ მისი წიგნების მთარგმნელი გამომცემლობაზე მინდა გიამბოთ:

სკანდინავია, ჩრდილოეთის ნათება, ვიკინგები, სკანდინავიური მითოლოგია, ჰანს კრისტიან ანდერსენი, “გოგონა დრაკონის ტატუთი” და კიდევ რა გახსენდებათ ამ სიის გასაგრძელებლად? რამდენიმე თვის წინ მე სხვა ბევრი არაფერი მახსენდებოდა.

გამომცემლობა MTP-ს ძალიან კარგი ვებ-გვერდი აქვს, სადაც მათ მიერ თარგმნილი და გამოცემული წიგნებია განთავსებული, სწორედ მათი საშუალებით გავიგე ფინეთის თანამედროვე ისტორიაზე ნახევრად მხატვრულად (“ფინეთის ისტორია” – ჰენრიკ მეინანდერი), კაპიტან გრუნსტეთის შესახებ, რომელმაც კავკასიის ომში მიიღო მონაწილეობა და კავკასიის მთიანეთის ხალხი სკანდინავიური მთების ხალხთან დააკავშირა და  ბევრი სხვა მხატვრული თუ დოკუმენტური ამბავი, რომელიც გხიბლავს, გაჯადოებს და გინდება კიდევ უფრო მეტი სკანდინავიელი ავტორი წაიკითხო. ამის საშუალებას კი გამომცემლობა MTP მუდმივად გვაძლევს ახალი და საინტერესო თარგმანებით. ჩვენ კი ვეცდებით მათ მიერ გამოცემული წიგნების შესახებ ინტენსიურად გიამბოთ.

Leave a Reply