2016 წელი ყველასთვის და ყველა სფეროსთვის ერთნაირად წარმატებული არ გამოდგა. იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს ლიტერატურულ სამყაროს გამოაკლდნენ ისეთი არაჩვეულებრივი მწერლები, როგორებიც იყვნენ უმბერტო ეკო და ჰარპერ ლი, ზოგიერთი სფეროსაგან განსხვავებით ჩვენ, ლიტერატურის მოყვარულებს, გასულმა წელმა ბევრი საინტერესო წიგნი გვაჩუქა.

გაზეთ Esquire-მა 2016 წლის მიწურულს საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც 2016 წელს გამოცემული საუკეთესო წიგნები დაასახელა. ჟურნალი wis.ge გთავაზობთ ამ სიის პირველ ათეულს.

10. Sweetbitter

ავტორი  სტეფანი დანლერი (Stephanie Danler). დებიუტანტი მწერლის ნაწარმოები ერთ-ერთი “გემრიელი” საკითხავია ესქუაიერის მიხედვით. წიგნი მოგვითხრობს გმირზე, რომელიც მუშაობას იწყებს ნიუ იორკის ერთ-ერთ რესტორანში და ეუფლება კულინარიის საოცრებებს. თუმცა, წიგნი მხოლოდ კულინარიის მოყვარულებს არ მოეწონებათ. ის მოგითხრობთ, თუ როგორია ცხოვრება დიდ ქალაქში ახლადჩამოსულთათვის და იმ “საშიშროებებზე”, რასაც იწვევს მარტოობა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ნიუ იორკში.წიგნი მოგვითხრობს სიყვარულზე  და ისტორიებზე, რომლებიც მხოლოდ მდიდართათვის განკუთვნილი რესტორნების კულისებში ხდება.

 

9. Born a Crime: Stories From a South African Childhood

ავტორი ტრევორ ნოა (Trevor Noah). ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ცნობილი ადამიანის მემუარისათვის წიგნის მოცემული სათაური გაზვიადებულად ჩაითვლებოდა. მაგრამ არა დღის შოუს ამჟამინდელი წამყვანის მემუარებისათვის. ტრევორის დაბადებაც კი უკვე კრიმინალურ აქტს წარმოადგენდა. დედამისი სამხრეთ აფრიკული ტომის, იქსოსას (Xhosa) წარმომადგენელი იყო, მამამისი კი – შვედი. მათი კავშირი, მითუმეტეს კი საერთო შვილი -კანონით აკრძალული და დაუშვებელი. სწორედ მისი დაცვის მიზნით იყო, რომ ტრევორმა ბავშვობის დიდი ნაწილი ჩაკეტილ კარს მიღმა გაატარა. წიგნი მოგვითხრობს წამყვანის ბავშვობაზე და ბავშვობისას მოსმენილ სამხრეთ აფრიკულ ისტორიებზე გაჯერებლს იუმორისტული ეპიზოდებით.

 8. Swing Time

ავტორი ზადი სმიტი (Zadie Smith). სმიტის კლასიკური წერის მანერის მსგავსად მისი ახალი რომანიც რომანტიკული სტილისაა, რომელიც რადიკალურ ცვლილებებზე მოგვითხრობს. კერძოდ, წიგნი ორ გოგონაზეა, რომელთაც ერთმანეთთან ცეკვის სიყვარული აერთიანებდათ. მოგვიანებით ისინი სხვადასხვა გზით წავიდნენ და ჩამოშორდნენ როგორც საყვარელ საქმეს, აგრეთვე ერთმანეთს. რომანი მოგითხრობთ თვითგამორკვევასა და საკუთარი თავის შეცნობაზე, ცხოვრებისეულ მომენტებზე, როდესაც წლების შემდეგ საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას – აქამდე როგორ მოვედი?! აქ რატომ ვარ?!

7.Victoria the Queen: An Intimate Biography of the Woman Who Ruled an Empire

ავტორი ჯულია ბერდი (Julia Baird). წიგნის წაკითხვის მსურველებს ნუ მოგატყუებთ გარეკანზე განთავსებული მორცხვი ქალწულის გარეგნობა. ეს ის ქალბატონია, რომელიც თავისი მმართველობის ზენიტში მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედს მართვდა,  9 შვილი შეეძინა და 8-ჯერ სცადეს მასზე თავდასხმა მოკვლის მიზნით. მწერალმა შეძლო ამ ისტორიული ფიგურის იმგვარად გაცოცხლება, რომ მკითხველის თვალში ისე ისევე ცოცხლობს, სუნთქავს და დააბიჯებს, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. მწერალი მოგვითხრობს ვიქტორიასა და მისი ამბიციური მეუღლის, პრინცი ალბერტის ამბავს, აგრეთვე ჯონ ბრაუნის შესახებ, ( სავარაუდოდ ვიქტორიას საყვარელი), რომელსაც თავად დედოფალი თავის “შოტლანდიურ ულაყს” უწოდებდა. სასახლის შიდა ურთიერთობების გარდა ჯულია საკმაოდ საინტერესო ისტორიულ-გეოგრაფიულ პარალელებსაც ავლებს და მკითხველს იმ ნათესაური კავშირების შესახებაც უამბობს, რომელიც მაშინდელი ევროპის პირველ პირებს აკავშირებდათ ერთმანეთთან.

6. Evicted

ავტორი მეთიუ დესმონდი (Matthew Desmond). Esquire-ის რჩევით Evicted იმ მცირე წიგნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თითოეულმა ამერიკელმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს. წიგნი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თემებზე მოგითხრობთ არა მხოლოდ მთავარი თემითაა გამორჩეული, არამედ წერის მანერითა და გადმოცემის ხერხით, რომელსაც ავტორი იყენებს. თავად დესმონდი სოციოლოგი და ეთნოგრაფია, რომელიც წერისას პროფესიულ უნარებს  8 ზღვარზე მყოფი ოჯახის შესახებ თხრობისას არაჩვეულებრივად იყენებს.

5. The Return: Fathers, Sons and the Land in Between

ავტორი ჰიშამ მატარი (Hisham Matar). ავტორი რეალურ ამბავს ჰყვება მამამისის შესახებ, რომელიც ეგვიპტის პოლიციამ 1990 წელს გაიტაცა და ის ლიბიელ დიქტატორ მუამარ კადაფს გადასცა. კადაფის რეჟიმის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ტყვე ქალაქ ტრიპოლის აბუ სალიმის ციხეში იქნა გაგზავნილი, რომელის “ბოლო გაჩერების” სახელით იყო ცნობილი, რადგან ლიბიის მთავრობა იქ მხოლოდ ისეთ ტყვეებს აგზავნიდა, რომელთა დავიწყებაც სურდა. 22 წლიანი ტყვეობის განმავლობაში ოჯახმა მამისგან მხოლოდ სამი წერილის მიღება შეძლო, საიდანაც გაიგეს, რომ ის ისევ ცოცხალი იყო. ეს მემუარები კადაფის მმართველობის დასრულების შემდგომ პერიოდს ეხება, როდესაც ავტორი ბრუნდება იქ, სადაც ბავშვობა გაატარა და მის მცდელობას იცხოვრობს მამის ასავალ-დასავალის ცოდნის გარეშე.

 

4. Innocents and Others

ავტორი დანა სპიოტა (Dana Spiotta). ჯოან დიდიონისა და დონ დელილოს მსგავსად, რომლებსაც დანა სპიოტას ხშირად ამსგავსებენ, მწერალი არაჩვეულებრივად გადმოსცემს იმ ფაქტს, თუ რამხელა ადგილს იკავებენ უბრალო არტეფაქტები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნაწარმოებში მოქმედება 1980 წელს ხდება, ინტერნეტამდელ ეპოქაში, როდესაც  ტელეფონს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და წარმატების მიღწევა მხოლოდ მოსმენის უნარითა და სასიამოვნო ტემბრითაც კი იყო შესაძლებელი. Innocents and Others ორი მეგობრის ისტორიას ჰყვება, რომლებიც რეჟისორები იყვნენ და ცხოვრების სხვადასხვა გზაზე წავიდნენ. ავტორი მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს თანამედროვე ადამიანის იზოლირებულობისა და მის საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე უბრალო ურთიერთობების მიმართ.

 

3. Grief Is the Thing With Feathers

ავტორი მაქს პორტერი (Max Porter). ეს უცნაური რომანი დილან ტომასის პრიზის მფლობელი გახდა. დებიუტანტი მწერლის ნაწარმოებმა მალევე დაიმსახურა ბევრის სიყვარული. ის აღმოსავლეთ ლონდონის ერთი პატარა ბინის მაცხოვრებლების ისტორიას ჰყვება, რომელშიც ქვრივი და მისი ორი მობარბაცე შვილი ცხოვრობს. წიგნი მათ ცხოვრებაში შემოსულ სტუმარზე, ტედ ჰაჯისსა და მისი გავლენით ბინადართა შეცვლილ ცხოვრებაზე მოგვითხორობს. Esquire-ს მიხედვით ეს ის ნაწარმოებია, რომელიც სხვა კუთხით დაგვანახებს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს და შეგვახსენებს გვიყვარდეს უფრო ძლიერად, და დავაფასოთ ყოველდღიური მომენტები.

 

2. Homegoing

ავტორი ია გუასი (Yaa Gyasi). ია გუასის ეს სადებიუტო ნაწარმოები Esquire-ს რჩევით ერთ-ერთი გამორჩეულია. მოქმედება მე-18-ე საუკუნეში ხდება, როდესაც ორ ნახევარდას ერთმანეთს დააშორებენ, საიდანაც ერთს ამერიკაში მონად გაყიდიან, მეორეს კი განაში დატოვებენ. Homegoing მოგვითხრობს დების და მათი შთამომავლების ისტორიას, ცხოვრებას, ბრძოლას 300 წლის განმავლობაში – ისტორიის დასაწყისიდან დღემდე, სადაც მკითხველი ყველა თავში თითოეული გმირის ტრაგედიას გულთან ახლოს მიიტანს.

 

1. The Underground Railroad

ავტორი კოლსონ ვიტჰედი (Colson Whitehead). წიგნი ოპრა უინფრის წიგნის კლუბის რჩეული გახდა. Esquire-ის მიხედვით ის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ნოველაა. სტატიის მიხედვით The Underground Railroad ოპრას წიგნის კლუბის სხვა წევრების მსგავსად მარტივად წასაკითხი ნაშრომი არაა, მაგრამ ის ერთ-ერთი აუცილებლი და შეუცვლელი საკითხავია. ვიტჰედის წიგნის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის შეგვახსენებს თუ რა იდეის მატარებელი უნდა იყოს კარგი ლიტერატურა: თვალი აგვიხილოს, გამოგვცადოს და წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ შეგვცვალოს უკეთესობისკენ.

 

 

წყარო:

http://www.esquire.com/entertainment/books/a47736/best-books-to-read-2016/

Leave a Reply