ნინა ჩუბინიშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი არტისტია, რომლის პირველი პერსონალური გამოფენა ბონში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლილას მოეწყო. როცა ჯერ კიდევ სტუდენტს, ადგილობრივი გალერიის კურატორი დაუკავშირდა და მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა თავისი საგამოფენო სივრცე ახალბედა ხელოვანისთვის დაეთმო.
ნამუშევრების სერია, სახელწოდებით – მარტოსული თვალთახედვა, ორი წლის წინ შექმნა. როგორც თვითონ ამბობს, ამ პერიოდში პირველად მოექცა ტოტალურ მარტოობაში. გერმანიაში ახლად ჩასულს პირველი ორი თვე ინტერნეტიც არ ჰქონდა, შესაბამისად, თავის მეგობრებთან კომუნიკაციას ვერც ვირტუალურად ახერხებდა. მისი თქმით, ეს იყო დიალოგებისგან დაცლილი პერიოდი.
,,ნამუშევრების შესაქმნელად იმ ფრაზებს ვიყენებდი, რომლებსაც ვფიქრობდი, ქუჩებში ვხედავდი ან შემთხვევითი გამვლელებისგან მესმოდა. ვხატავდი, იმიტომ რომ სხვა საქმე არ მქონდა. არავინ მყავდა ვისთან ერთადაც შაბათ საღამოს ყავის დასალევად გავიდოდი, ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი მარტოობა მექცია მისგან თავდახსნის საშუალებად.”
ნინამ თავისი ნამუშევრები თბილისში ჩამოიტანა. გამოფენას მშობლიურ ქალაქში 9 იანვარს გამართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, არა მხოლოდ ნამუშევრები სერიიდან – ,,მარტოსული თვალთახედვა”, არამედ ინსტალაციაც, რომელიც აღწერს იმ ტრანსფორმაციას, რომელიც დროთა განმავლობაში მისმა რწმენამ განიცადა. ნამუშევარს სახელწოდებით – ,,ახლა ხომ მხედავ” გერმიანიაზე ადრე თბილისში ნახავენ.

Leave a Reply